8 იანვარი, 2021

ლექსები აფხაზეთზე

გალაკტიონ ტაბიძე – გამარჯობა, აფხაზეთო შენი:

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! –
ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!
მომენატრა მზე, სინათლის მფენი;
მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.
მომაგებე შენ იგივე პალმა,
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა
გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,
მომაგებე მშობლიური გემი,
მომაგებე მშობლიური მიწა,
შენი ძველი მეგობარი მიცან.

 

გალაკტიონ ტაბიძე – აფხაზეთის წვიმა მიყვარს:

“აფხაზეთის წვიმა მიყვარს,
იცი რად?
მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე
ხმაურობს.
ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი
და წკირად

მასზე ზვირთი დადის და
მოგზაურობს.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ…
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ…
წვიმა მოდის, კოკის პირით
იღვრება,
ხმა შრიალებს დაფნისა და
ლიანის,
და ღრუბლიდან ეშხით
გადმოიხრება
მოგონება სიყვარულის
მზიანის.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ…
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ…
ო, შუშხუნებს ახალგაზრდა
მაჭარი.
ის ხმაურობს, ის განიცდის
თავის დროს,
გამოვიდეს რომელიმე
ვაჭარი
და ამ წვიმის პოეზია
უარყოს!
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ…
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ…”

 

შოთა ნიშნიანიძე – აფხაზური კანტატა:

ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან,
ბადეს შლიდა… და მშვილდ-ისრით ტყეში ნადირს არბევდა.
ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად,
ბეჭზე ორბად შეუფრინეს „ურაიდა რაიდა“.
გადიფრინეს ყრმობის წლებმა და აფხაზურ-მეგრულით
ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გადმოტოპა ენგური.

II
რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!)
და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ.
მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები,
აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს.
ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები
და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.
ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,
ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში.
ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები,
ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქარჩახებს რქებით ეკიდა
და მორდუ აქეთ თუ როდესმე დააცხიკვებდა,-
ხვიჩას სიცოცხლე! – ეძახოდნენ აფხაზეთიდან.
ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,
ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს.
ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდენბურგთან ორმოცდახუთში,
თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს…
შავი ქაღალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით,
ძიძის კივილმა შეძრა მთელი სამურზაყანო.

III
ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამზრდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,
ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები.
ეგ დალალ-კავი, ეგ მანდილი მოიშილიფე,
არ დამემდურო, არ მიწყინო, შენი ჭირიმე,
თუ მორდუსავით ვერ მოგხედე, ვერ მოგიკითხე, –
მუდამ შენთან ვარ, შენკენ მიხმობს ფიქრი დღითიდღე,
შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი,
ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე-ბედს გისურვებ.

IV

ოდიშში ვარ,
ქორწილში ვარ… ცხენს ვაჭენებ… ჰაიდა…
„ოდოიას“ გადმოუხტა „ურაიდა რაიდა“…
ჩანს ანტიკურ არფასავით აივნების რიკული,
ზედ სიმებად ლერწებია და სხივები ცისკრული.
წაიყვანეს თამარ-ქალი აფხაზეთში დიელო და…
მოწამეი ხარ, შენ საქართველო – ერო ფეხბედნიერო და…
ჩანს ოდებზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ-ჯიქურის
და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული.

 

შოთა ნიშნიანიძე:

“შენ სულ აფხაზობ, რაც არსებობს ეს საქართველო.
მაშინ რად სწუხხარ? აგწეწია სული რაღაზე?
ღმერთი და რჯული, საქართველო სანამ იქნება,
შენ სულ აფხაზი იქნები და
სულ იაფხაზებ.
ბაგეზე ლოცვა შეჰყინვიათ ილორის ხატებს,
და გმინვა მისი გარდიგარდმო
ესმით მეზობლებს.
აფხაზო კაცო, შენს დაწიხლულ,
უიღბლო გამზრდელს —
შენს საქართველოს ჩეჩნის ტყვია
როგორ ესროლე!!!?
ქრისტეშობამდე აქ ვეძებდით სოკოს თუ ასკილს,
ერთად ვხედნიდით მეგრულ ლაფშას… აფხაზურ ლურჯას…
ქედზე მიჯაჭვულ ამირანს თუ
იგივე აბრსკილს,
ჯაჭვს ულოკავდა მე და შენი გაზრდილი ყურშა.
ვერა, ერამანეთს ვერ წავართმევთ
ამ ღვთის საბოძვარს—
ამ ერთ სამშობლოს— წინაპართა
ძვლებით მოხრეშილს,
და რატომ ვკვდებით? რატომ ვწყდებით?
მიკვირს საოცრად!!!???
ამ სამოთხედან რად მივდივართ
იმ სამოთხეში!!!

 

მურმან ლებანიძე:

აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს –
ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის…
და მე ვყვირი: ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
– აფხაზეთი ჩემი!

როსმე ’’არგო’’, (სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით…
და მე ვყვირი: – მკვდარსაც მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
– აფხაზეთი ჩემი!

ზღვაო პონტის! რიფებს მალავ უჩინარს –
არაერთის ზედ მიემსხვრა გემი…
და მე ვყვირი: – ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
– აფხაზეთი ჩემი!

 

ირაკლი აბაშიძე – ცა აფხაზური:

მწყუროდეს მუდამ,
როგორც მწყურია
მთების, ქედების ბროლი ნაჟური:
ქცეული სიზმრად –
დიოსკურია,
ქცეული სიზმრად –
ცა აფხაზური.

მწყუროდეს მუდამ, როგორც მესხეთი,
მწყუროდეს მუდამ, როგორც ისპირი
ჩემი ზღვისპირის ბასრი მერცხლები,
ჩემი უსაზღვრო შავი ზღვისპირი.

ზღვაზე ცახცახით
მზე დაწურული
და მისი ჩასვლა და აღსასრული. . .

მეც ამ ცახცახით, მეც ამ წყურვილით
დამეთმოს ერთხელ ცა აფხაზური.