2 იანვარი, 2021

ლელა თათარაიძე – თუშური სიმღერების დედოფალი

მომღერალ ლელა თათარაიძეს თავისუფლად შეგვიძლია თუშური სიმღერების დედოფალი ვუწოდოთ. მას არაერთი თუშური სიმღერა აქვს დამუშავებული, თუმცა სიმღერა “რა ლამაზია თუშეთი” ლელა თათარაიძის შესრულებით ხელოვანის შემოქმედების სავიზიტო ბარათია.

არაერთი სიმღერის ავტორი უბადლოდ უკრავს გარმონსა და ფანდურზე. თუშური სიმღერებისა და მელოდიების განსაკუთრებული შემსრულებელი ქალ-ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „თუშეთის“ დამფუძნებელია.

ახმეტის სოფელ ზემო ალვანში დაბადებული უნიჭიერესი ხელოვანი მშობლიური კუთხის ერთგულია. ლელა თათარაიძე მთელი ცხოვრება მშობლიურ ალვანში მოღვაწეობას წარმატებით უთავსებდა თბილისის შემოქმედებით ცხოვრებას. მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებაში. თბილისში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში, ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში უკრავდა. ზემო ალვანის საშუალო სკოლაში სიმღერის მასწავლებელი და გუნდის ხელმძღვანელი იყო. ამას სახელმწიფო ფილარმონიის ფოლკლორული ანსამბლის სოლისტობა მოჰყვა.

ლელა თათარაიძემ არც საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის ფოლკლორული ანსამბლის „კელაპტარის“ სოლისტობაზე თქვა უარი, არც მერაბ კოსტავას სახელობის ეროვნულ თეატრში სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაზე და მსახიობობაზე, არც ქალთა ფოლკლორული ტრიო „ქართული ჰანგის“ ხელმძღვანელობაზე.

ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტის „კესანეს“ უცვლელი ხელმძღვანელი ლელა თათარაიძეა. არაერთი ჯილდოსა თუ პრიზის მფლობელს არასდროს აკლდა მსმენელის ყურადღება, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია.

“ალვანის სიამაყე ხარ,
თათარაიძე ლელაო,
თქვენს დაკრულს ვუსმენთ დიდოეთს,
აღტაცებულნი ყველაო.
თითების ცეკვა გარმონზე,
ღიმილი გშვენის ბაგესა,
წყვდიადის მანათობელო
კაშკაშა მთვარევ ღამისა.” – ეს ლექსი თუშეთის დედოფალს ოსმან მაგომედოვმა მიუძღვნა ასახოდან.

2019 წლის 14 აპრილს ფილარმონიის წინ მომღერალი და ფოლკლორისტი დების – ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნა.