3 იანვარი, 2021

ლაშა თაბუკაშვილის ყველაზე დიდი ოცნება

მწერლისა და პოეტის ლაშა თაბუკაშვილის ყველაზე დიდი ოცნებაა დადგეს დრო, როცა ქართველი ქართველს დაინდობს.

თავისი სურვილი შემოქმედმა ლექსში “და მაშინ გეტყვი…” გამოხატა. მან ლექსი უახლოეს მეგობარს ნოდარ ბოხუას მიუძღვნა, რომელიც ბრმა ტყვიას ემსხვერპლა:

“ნუ დამიმალავ, რა არის – დროშა?
თუ გასისხლული ნაჭრის ნახევი…
თუ ნიშანია შემუსრულ დროში,
მხურვალე ლოცვით ნაკარნახევი.
რად მიმკითხავებ საძირკვლის მოშლას,
რაღას დამაკლებ ცოდვაგამხელილს,
ჩემს ხელისგულზე მკითხაობს ბოშა
ძუნწი ღიმილით თანამზრახველის,
რაღაც დაიწყო და რაღაც მორჩა…
გეუცხოვება შენი სახელი,
სამიზნე შენი სარკეში მოჩანს,
მესროლე ტყვია თვალებგახელილს.
აბა, მითხარი, რა სათქმელია!..
კაენი აბელს, კაენს აბელი,
“გამარჯვებული” კვლავ ქართველია,
კვლავ მოერია ქართველს ქართველი!
მაშ დროშაა თუ ნაჭრის ნახევი?
ვინ შემიყვარებს ცოდვაგამხელილს
მხურვალე ლოცვით ნაკარნახევი,
შემომასკდება თვალებახელილს
ნათელი აზრი, შენი სახელი,
სახეს გამითბობს წმინდა სანთელი,
და გამოჩნდება თანამზრახველიც,
როცა შეუნდობს ქართველს ქართველი.
მაშინ დალბება მკერდში იარა
და მაშინ გეტყვი იმ მთავარ სათქმელს,
როცა დამინდობს ბედი კი არა,
როცა ქართველი დაინდობს ქართველს.”