ჯუმბერ ჯანდიერი – გალაკტიონ ტაბიძის პირველი ამამღერებელი

ჯუმბერ ჯანდიერი პირველი კომპოზიტორია, რომელმაც პოეზიის მეფის – გალაკტიონ ტაბიძის ლექსები “მზეო მარიამ”, “უსიყვარულოდ”, “იისფერი თოვლი”, “დაკარგული ოცნება”, “ქარი ქრის”, “მზეო თიბათვისა”, “მთაწმინდის მთვარე”, “მერი”, “შენ და შემოდგომა”, “რომელი საათია?!”, “თეთრი პელიკანი”, “ქებათა ქება ნიკორწმინდას” აამღერა და ამის გამო, სერიოზული დაბრკოლებებიც შეხვდა:

“როცა გავბედე და შევეხე, მივიღე კიდეც საყვედური. მწერალთა კავშირმა სასამართლო მომიწყო, იყო მთელი სამდივნო, მთელი მწერლობა, ახლა არ მინდა მათი დასახელება, მერე ჩემი მეგობრები გახდნენ, თავს მიხრიან და თურმე ჩემზე დიდებული არავინ ყოფილა…

გალაკტიონის ლექსებზე დაწერილი სიმღერების ჩაწერა იყო საშინელება. მაშინ ცენზი იყო, ადვილად არაფერი კეთდებოდა. უკვე გაორკესტრებული რომ მივიტანე ჩასაწერად, ხელმძღვანელი იყო შაფათავა, მოისმინა “მზეო მარიამ”, არც იცოდა ვისი ლექსი იყო, ასე მითხრა, ხომ არ გაგიჟებულხარ, მუსიკა კარგია, მაგრამ ლექსი რას ჰგავს, რა დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ აგიტყდაო. გალაკტიონ ტაბიძის ლექსია-მეთქი და მერე რა რომ გალაკტიონია, მოაშორე აქედან, არაფერი გამოვაო. დიდხანს მქონდა ეს ნაწარმოები შენახული და ბოლოს, როგორც იქნა ფირფიტაზე შევიტანე.

ფირმა “მელოდიას” უნდა გამოეცა ჩემი პირველი ფირფიტა და იქ ჩავსვი მოტყუებით. მორის ფოცხიშვილის ლექსზე მქონდა სიმღერა “ნოსტალგია” და გაგიჟდნენ, რა ნოსტალგია, ეს ხომ დაავადებაა, რომლისგანაც ადამიანი კვდებაო. არადა, მორისმა ეს ლექსი დაწერა ერთი კაცის წერილით შთაგონებულმა, რომელმაც მორისს გამოუგზავნა წერილი და ეს იყო აღსარება. რომ წაგვიკითხა, მოვკვდით ტირილით. მას სამშობლო, ოჯახი ენატრებოდა და სთხოვდა ყველას – სტალინს, ბერიას, რომ სამშობლოში დაებრუნებინათ. მას ფრანგი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ასაკოვანი იყო და მზად იყო მომკვდარიყო, ოღონდ თავის სამშობლოში დასაფლავებულიყო.

იმ ღამეს რა დამაძინებდა, შემძრა ამ ისტორიამ, როგორც კი მოვედი, მაშინვე დავწერე მელოდია და დილას მორისს დავურეკე, “ნოსტალგია” დაწერილია-მეთქი. ამ ლექსში არის ერთი ფრაზა, “მე ვარ გადაჭრილი ვენახი, ვაზი მზის სხივებზე ჯვარცმული, მეძახის ჩემი სამშობოლო, ნოსტალგია, ნოსტალგია, ნოსტალგია!” რუსები გადაირივნენ, რა არის ეს ნოსტალგია ამდენჯერ რომ მეორდებაო. ვუთხარი, ქართველი კაცი ვარ, ორი თვეა ვზივარ მოსკოვში, მენატრება მთაწმინდა, ოჯახი და ეს არის ჩემთვის ნოსტალგია-მეთქი. რა უცნაურები ხართ ეს ქართველებიო და ასე მოტყუებით მოხვდა ეს სიმღერა ფირფიტაზე.

სამაგიეროდ, მერე კაგებეში გვათრიეს, იმიტომ რომ ეს ფირფიტა მილიონი ტირაჟით გამოვიდა, გავრცელდა და მერეღა მიხვდნენ რუსები ნამდვილ მიზეზს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ალბათ ვირის აბანოში მოგვაყუჩებდნენ, მაგრამ გვიშველა იმან, რომ ეს გამოცემული იყო საკავშირო ფირმა “მელოდიის” მიერ.”