4 იანვარი, 2021

გალაკტიონ ტაბიძის გადარჩენილი “მაგდანას ლურჯა”

თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის გენიალური ფილმი “მაგდანას ლურჯა” გალაკტიონ ტაბიძემ განადგურებას გადაარჩინა. ეს ამბავი 1955 წელს მოხდა და რეზო ჩხეიძე ასე იხსენებდა:

“ახალი კურსდამთავრებულები ვიყავით მე და თენგიზ აბულაძემ “მაგდანას ლურჯას” გადაღება რომ დავიწყეთ. მაგრამ მოულოდნელად, მაშინდელმა სტუდიის დირექტორმა თითქმის უკვე დასრულებული ფილმის გაგრძელება აგვიკრძალა, – არ მომწონსო!

ერთი სიკვდილი გავათავეთ, როცა ფილმის წარმოების შეჩერების ბრძანება გაეკრა კედელზე.

როგორც ფილმის გადარჩენის ბოლო იმედს, ქართველ მწერლებს მივმართეთ – “მაგდანას ლურჯა” ხომ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის ეკრანიზაცია იყო.

ვდგავართ მე და თენგიზი აწურულები. ამ დროს იღება კარი და შემოდის გალაკტიონი თავისი პორტფელით. გავოგნდით, ეს კაცი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და არსადაც არ დადიოდა. სხვებიც გაოგნებული უყურებდნენ. მწერალი დემნა შენგელაია ჩემი ბიძა იყო, მეგონა, იმან უთხრა-მეთქი, მაგრამ ხელი გამიქნია, – ეგ რამდენი ხანია, არ შემხვედრიაო“.

მოკლედ, გალაკტიონი დაჯდა, ბოლომდე უყურა ფილმს, მერე ადგა და უცებ:
– ვისაც ეს ფილმი არ მოსწონს, მე იმის დედა, დეიდა, დიდედა, მამიდა, პაპიდა, ბებიდა… სრული უცენზურო სიტყვებით…
გენიოსი შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და უცბად ისევ მიაყარა:
– ვინც ეს ფილმი გააჩერა, იმ დირექტორის და იმის დამნიშნავი მთავრობის დედა, დეიდა, დიდედა, მამიდა, პაპიდა, ბებიდა…
და ისე გამრიელად შეიგინა მრავალსართულიანი ჩაგემოვნებით, როგორც იციან ხოლმე დიდმა კლასიკოსებმა, როცა წამით დაავიწყდებათ, რომ მართლაც დიდი კლასიკოსები არიან.

დარბაზი გაისუსა. გალაკტიონი კარებთან, გასვლის წინ შემობრუნდა და ისევ ჩამოთვალა:
– დედა, დეიდა, დიდედა, მამიდა, პაპიდა, ბებიდა. გეიგეთ, ბოშო? – დაამატა გაზვიადებული იმერული კილოთი, ბრაზით გახედა ჩინოვნიკებს და გავიდა კარის გაჯახუნებით!

მწერლებს გული მიეცათ. აკაკი ბელიაშვილმა ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლი მოიწმინდა:
– ამ ეკრანს ბევრი კარგი ფილმი უნახავს, მაგრამ, რაც ამ ბიჭებმა გვიჩვენეს, – მსგავსი არასოდეს!
მწერლები მაგრად დადგნენ და კედელთან მიაყენეს ჩინოვნიკები. მათ სხვებიც აყვნენ.

სტუდიის მაშინდელი დირექტორი დაფრთხა და ვეღარ გაუბედა ვერც გალაკტიონს, ვერც სხვა მწერლებს მათი აზრის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება. ვეღარ გაბედა ფილმის განადგურება და დამწყებ რეჟისორების ქუჩაში გაგდება, ან იქნებ „ხალხის მტრებად“ გამოცხადებაც, როგორც ჩვევოდათ ხოლმე მაშინდელ ბოლშევიკებს…

გალაკტიონის გაუგონარმა, მართლაც გაუგონარმა – მაშინ ეს სიცოცხლის სასწორზე დადებაა იყო – ვაჟკაცობამ, მწერლებისა და საზოგადოების ამ საოცარმა ერთსულოვნებამ გადაარჩინა მაშინ არა თუ ორი სრულიად ახალგაზრდა რეჟისორის, იქნებ მთელი მომავალი ქართული კინოს ბედიც.

მეორე დილას უკვე გამოკრული იყო ბრძანება ფილმის გაგრძელების შესახებ.
ამაში იყო „გალაკტიონის ეფექტი“.
ეს იმდენად შოკისმომგვრელი ამბავი გახლდათ, რომ მაშინ ცდილობდნენ ამის შესახებ ბევრი არ ელეპარაკათ. ხმას არ იღებდნენ ამის შესახებ არც იმ მომენტში დამარცხებული ბოლშევიკები, არც იმ მომენტში გამარჯვებული მწერლები და რეჟისორები.

თითქოს შეთანხმდნენო – სუუუ…..
ორივე მხარეს ეყო ჭკუა:
ერთმაც გაატარა დამარცხება, მეორემაც შეირგო გამარჯვება.”