ბეთლემის გამოქვაბული შობის დღეს აღმოაჩინეს

ბეთლემის გამოქვაბული შობის დღეს აღმოაჩინესბეთლემის გამოქვაბულის შობის ღამეს აღმოჩენასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს:

“ებრაული ენციკლოპედიით ბეთლემი განმარტებულია როგორც ,,ღმერთის სახლი” ან ,,ღმერთის საცხოვრებელი”, ანუ წმინდა ადგილი, წმინდა სამყოფელი. ასევე მოიხსენიებენ, რომ ბეთლემი “არის სახლი ცხოვრებისა, ბინა სიწმინდისა”.

73 წლის წინათ, სწორედ ეს “სახლი ცხოვრებისა, ბინა სიწმინდისა” აღმოაჩინეს ქართველმა მთამსვლელებმა და ლეგენდარული მთამსვლელი ქალის ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით პირველად შევიდნენ მასში.

1948 წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე მომხდარ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოებამ არნახული ინტერესი გამოიჩინა ამ აღმოჩენის მიმართ, რის დასტურადაც რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ იმიერპოლარეთში, ჩრდილო ყინულოვანი ოკეანიდან 150 კმ-ის დაშორებით, ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში სამშობლოს სიყვარულისთვის დასჯილი სასიქადულო მამულიშვილი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლევან გოთუა, თავის დას – მზიას წერდა: ,,ალექსანდრა ჯაფარიძეს ჩემს მაგივრად მიულოცე “განდეგილის” ქვაბულის აღმოჩენა. მეტად მაინტერესებს და ამ აღმოჩენის შესახებ მოუთმენლად ველი გაზეთებს ან შენს დაწვრილებით წერილს. რა შესანიშნავი თემაა გარდა სხვა ყველაფრისა: ქალმა დაამხო ძველი განდეგილი ბერი და ისევ ქალმავე აღმოაჩინა იგი – ალბათ, თავისი ძლიერების ხელმეორედ დასადასტურებლად! ეჰ, იქნებ ოდესმე დავწერო, ჯერ კი ხელები შემოკლებული და სული შეხუთული მაქვს”.

სამწუხაროდ, ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენასთან დაკავშირებით პერიოდულად ქვეყნდება ურთიერთგამომრიცხავი მასალა, რომელიც ხელოვნურად აბიაბრუებს ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენის ნამდვილ ისტორიას. ისტორიული ფაქტების გაყალბება კი გზას უხსნის ცრუ მეცნიერებსა და დილეტანტებს, რაც უზნეობა და ყოვლად დაუშვებელი მოვლენაა, მით უმეტეს, როცა იგი ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს ეხება. ასეთი სიყალბეები ბეთლემის გამოქვაბულსაც არაერთხელ შეეხო. ამიტომ, თავს ვალდებულადაც ვთვლი, დოკუმენტებსა და პირველწყაროზე დაყრდნობით, მოგითხროთ ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენის ნამდვილი ისტორია.

ჩვენი ოჯახის არქივში საკმაო მასალა ინახება ბეთლემის გამოქვაბულის, ანუ ბეთლემის მონასტრის შესახებ, რომლის პოპულარობა ილია ჭავჭავაძის უკვდავ პოემა “განდეგილს” უკავშირდება.

ჯერ კიდევ 1913 წლის 15 დეკემბრის N49 ჟურნალში ,,Искры”, გამოქვეყნდა წერილი სათაურით – “წმინდა ნინოს ტაძარი”, რომელშიც ვკითხულობთ: “კავკასიის მთიელთა შორის – ინგუშებსა და ხევსურებში, დიდი ხანია დადის ხმები, ყაზბეგის მწვერვალზე, მის მიუვალ კლდეებსა და მუდმივ ყინულებში არის რომელიღაც ძველი ტაძრის ნანგრევები. ამ მონათხრობს ფანტაზიის სფეროს აკუთვნებდნენ და უკანასკნელ დრომდე არ სჯეროდათ, მიუხედავად იმისა, რომ მთიელები მწვერვალზე შესამჩნევ ჯვარს მიუთითებდნენ და ამ ადგილს “წმინდასა” და “ბეთლემს” უწოდებდნენ. მხოლოდ მიმდინარე ზაფხულს, ყაზბეგის მყინვარების გამოკვლევას რომ აწარმოებდა, რუსეთის სამთო საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილების საბჭოს წევრმა, ა. ი. დუხოვსკიმ, შეძლო ამ ადგილზე, 12700 ფუტის სიმაღლეზე 😊 3800 მ) ნამდვილად აღმოეჩინა ძველი მონასტრის ნანგრევები, რომელიც გადმოცემით დაუარსებია საქართველოს განმანათლებელ წმინდა ნინოს. ნანგრევები გერგეტის მყინვარის უშუალო სიახლოვეს არის. შემონახული საძირკვლის მიხედვით, აქ იყო სენაკი და საყდარი. ძველი ტაძარი, უთუოდ დაანგრია არა დრომ, არამედ კატასტროფამ (ყინულის ან კლდეების ჩამოზვავებით), ასე რომ, შენობის ხის ნაწილიც შემონახულია”.

ამ პუბლიკაციიდან 14 წლის შემდეგ, ბეთლემის მიდამოები მოინახულა, საქართველოს გეოგრაფიული საზ-ბის მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილების მთამსვლელთა ჯგუფმა სიმონ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, რის შესახებაც 1927 წლის 23 ნოემბრის გაზეთ ,,კომუნისტში” (N265) გამოქვეყნებულ სტატიაში ,,სარეკორდო ასვლა მყინვარწვერზე”, ს. ჯაფარიძე წერდა: “ექსპედიციამ სოფ. სტეფანწმინდიდან 7 ნოემბერს 12 საათზე დაიწყო გასვლა ჩემი ხელმძღვანელობით. ბარგი ბევრი გვქონდა და მზიდველებიც ბევრი დაგვჭირდა. გასვლის წინ იქ მყოფმა კინო-ექსპედიციამ კ. შენგელაიას ხელმძღვანელობით გადაიღო ზოგიერთი მომენტი ჩვენი მოგზაურობისა: ექსპედიციის მისვლა სოფ. სტეფანწმინდაში და მოხევეების დახვედრა, ასვლის დაწყება და სხვა”.

მყინვარწვერზე ასვლას და ბეთლემის გამოქვაბულის ძებნის პერიპეტიებს უფრო დეტალურად აღწერს ამ ექსპედიციის წევრი ექიმი იოსებ (სოსო) ასლანიშვილი 1928 წელს გამოცემულ წიგნში “მყინვარწვერზე ასვლა შემოდგომით”. სიმონ ჯაფარიძის საგაზეთო ინფორმაციიდანაც ჩანს და სოსო ასლანიშვილის აღწერითაც ნათელია, რომ ნიკოლოზ შენგელაიამ (ამ პერიოდში იგი სტეფანწმინდაში ალ. ყაზბეგის ,,ელისოს” იღებდა – ივ. ჯ.) ამ ექსპედიციის მწვერვალისაკენ გასვლის მომენტები ფირზე აღბეჭდა (ვიცოდი რა ამ ფაქტის შესახებ, თითქმის 2,5 თვე ვიმუშავე კინო-ფოტო-ფონო არქივში, იქნებ სადმე წავწყდომოდი ზემოთ აღნიშნული ექსპედიციის მწვერვალისაკენ გასვლის ამსახველ კინოფირს, მაგრამ სამწუხაროდ, ნ. შენგელაიას მიერ გადაღებულ ამ კადრებს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე – ივ. ჯ.).

სიმონ ჯაფარიძე: ,,პირველი ღამე გავატარეთ 3100 მეტრის სიმაღლეზე, ე.წ. ,,საბერწე”-ში – გერგეტის მყინვარის ბოლოს. ამინდი მშვენიერი დადგა. 8 ნოემბერს დილის შვიდის ნახევარზე განვაგრძეთ გზა გერგეტის (ჩხერის ანუ ორწვერის) მყინვარით. 9 საათზე ექსპედიციის ნაწილმა: მე, სოსო ასლანიშვილმა, დევი მიქელაძემ, არჩილ ბენაშვილმა და იაგორ კაზალიკაშვილმა გადავწყვიტეთ წასვლა ბეთლემის მონასტრის ნანგრევების დასათვალიერებლად, რომელიც ცნობილია აგრეთვე “ბერების ნადგომი”-ს სახელწოდებით…

საშინელი ლოდნარითა და აღმართით ჩვენ მივაღწიეთ ბეთლემის ნანგრევებამდე, რომელიც მდებარეობს 3900 მეტრის სიმაღლეზე ძნელად მისავალ კლდეებში. იქ დავითვალეთ 6 შენობის ნანგრევი. მათ შორის ყველაზე უფრო საყურადღებოა ერთი, რომელიც ალბათ წარმოადგენდა ეკლესიას. არის თლილი ქვებიც. ამ ეკლესიასთან ძევს ერთი უზარმაზარი ქვა, რომელშიაც ღრმადაა ჩასობილი დიდი ქვის ჯვარი. ამ ჯვარს თვალით კარგად არჩევს კაცი გერგეტის მყინვარიდანაც”…

სოსო ასლანიშვილის წიგნში კი ვკითხულობთ: “ხუთის ნახევარი იყო “ბეთლემის გორას” რომ ავაწიეთ 3150 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც გადაიშალა თვალწარმტაცი სურათი ჩხერის ანუ გერგეტის ყინვარის, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის, მხოლოდ მის მარცხნით ამართულა ორწვერი და შავნაბადა.

ბეთლემის გორაზე სამების დღესასწაულის დღეს ადიან თურმე მხვეწარნი-მლოცველნი. იქ არის პატარა ნიშანი ნანგრევთა. მაგრამ ნამდვილი ბეთლემი კი, რომელსაც ილია ჭავჭავაძის “განდეგილით” ვიცნობთ, უფრო წინ არის გერგეტის ყინვარის ზემოთ მყინვარწვერის ძირში.

იაგორა მიგვითითებს ყინვარს გადაღმა კლდეებზე, სადაც არის თურმე ბეთლემის მონასტრის ნანგრევები და მე დაჟინებით მოვითხოვ ამხანაგებისაგან, რათა ვნახოთ ბეთლემი, მით უმეტეს, რომ არც ერთს ჩვენს ექსპედიციას ბეთლემისაკენ არ უმოგზაურნია. ყოველთვის იგი განზე რჩებოდა ხოლმე და მის შესახებ წარმოდგენა არ გვქონდა. დამეთანხმენ ამხანაგები და მსურველები: სიმონი, ანდრია, დევი, არჩილი და მე, იაგორა კაზალიკაშვილის მეთაურობით, შეუდექით ბეთლემისაკენ… ჯაჭვი, რასაკვირველია, არ ჩანდა და ჩვენ სრულიად თავისუფლად მივედით ბეთლემის ნანგრევებთან. სიმონი კი ეძებდა საკნებში ეკლესიის ირგვლივ ჯაჭვს, მაგრამ ამაოდ, ჯაჭვი არსად იყო. შესაძლებელია იყო ოდესღაც. ახლა კი თვით ბეთლემის ნანგრევები თავისი მიდამოებით 3900 მეტრის სიმაღლეზე მიტოვებული მაინც ღირსშესანიშნავია მით, რომ როგორც ჩანს, იქ არა ერთი და ორი კაცი ცხოვრობდა, არამედ მრავალი. ეკლესიის ირგვლივ შორიახლო სულ ექვსი საკანია; თვით ეკლესია კლდეში მიშენებული უკვე ჩამონგრეულია და ნანგრევებს ქვეშ მოსჩანს კარი. ხის სვეტები აქამდის შენახულა. კლდეზე, რომელშიც მიშენებული ყოფილა ეკლესია, აქამდის შენახულია ამოთლილი და ზედ ჩასობილი თეთრი ქვის დიდი ჯვარი. იაგორას თქმით, წინათ ის ჯვარი უფრო დიდი ყოფილა, მაგრამ დროთა სვლაში ქარისა და თოვლისაგან გამოფიტულა. საერთოდ დროთა სვლაში ყოველივე იფიტება, ქრება. ასევე მოსვლია ბეთლემის ტაძარს” (იოსებ ასლანიშვილი – ,,მყინვარწვერზე ასვლა შემოდგომით”. საქართველოს გეოგრაფიული საზ-ბა, ტფილისი, 1928)…

ამ ექსპედიციის შემდეგ ოცი წელიწადი გავიდა და…
1947 წლის 20 დეკემბერს, თბილისში, ცნობილ მთამსვლელ ქალს, ალექსანდრა ჯაფარიძეს, ყაზბეგიდან მეტეოროლოგიური სადგურის თანამშრომელი შალვა წერეთელი ესტუმრა, რომელმაც ძალზე მნიშვნელოვანი ამბავი ჩამოიტანა:

” – რამდენიმე დღის წინ – ჰყვებოდა იგი, – ჩვენ, მეტეოსადგურში გვეწვია ლევან სუჯაშვილი; მან განაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში, მეტეოსადგურიდან გზად მიმავალმა, როცა დასასვენებლად ჩამოჯდა ყინვარზე, შორეულ კლდეში დაინახა… კარი, საიდანაც ეშვებოდა ჯაჭვი…
ჩვენ არ დავუჯერეთ ლევანს, რადგან იმ ადგილებში ასეულ ადამიანს და ჩვენც არაერთხელ გაგვივლია; მაგრამ ცნობა მართალი აღმოჩნდა – კარი და ჯაჭვი დავინახეთ… მხოლოდ ერთი წერტილიდან! თუ ამ წერტილიდან გადაიწევთ თუნდაც მეათედი გრადუსით – შიშველ კლდეებს დაინახავთ; ნაბიჯიც გადავდგი თუ არა ამ ადგილიდან, კარი მაშინვე გაქრა თვალთახედვიდან”…

შეიტყო თუ არა ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოროლოგიური სადგურის თანამშრომლებისაგან, მყინვარწვერის კალთებზე, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე, კლდეში რაღაც კარის მსგავსი შევამჩნიეთო, ალექსანდრამ დაუყოვნებლივ მიმართა საქართველოს მთავრობას განცხადებით, რადგან იმ დროს, ნებართვის გარეშე ასეთ საქმეზე წასვლა შეუძლებელი იყო:

,,სსსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ამხ. ზ.ნ. კეცხოველს
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის
ალპინისტ ალექსანდრა ჯაფარიძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ა.წ. 20 დეკემბერს ჩემთან მოვიდა ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგურის (ზ.დ. 3654 მ) უფროსი სპეციალისტი ამხ. შალვა წერეთელი, რომელმაც მაცნობა, რომ ყაზბეგის სამხრეთ-აღმოსავლეთი კლდოვანი ქედის შვეულ ფერდობზე მოზამთრეების სუჯაშვილის, რაგოზინისა და პირადად მის მიერ შემჩნეულია რკინის კარი ზედ დაკიდებული ჯაჭვით. ამხ. წერეთლის აქ წარმოდგენილი მარტივი სქემის მიხედვით, იგი მდებარეობს მეტეოსადგურის ჩრდილოეთით 2 კმ. მანძილზე (პირდაპირი ხაზით) დაახლოებით ზ.დ. 3900 მ სიმაღლეზე და 18-20 კმ. მანძილზე სოფელ ყაზბეგიდან. მის აღმოსავლეთით უფრო ქვემოთ, 2 კმ. მანძილზე მდებარეობს ყველასათვის ცნობილი ძველი მონასტრის ნანგრევები, რომელიც დღემდე “ბეთლემად” იყო მიჩნეული.
ამჟამად აღმოჩენილი რკინის კარი და ჯაჭვი გვაფიქრებინებს, რომ ის უნდა ეკუთვნოდეს ნამდვილ ბეთლემს, რომელიც გეოგრაფ ვახუშტის მიერაა აღწერილი: ,,მყინვარის კლდესა შინა არიან ქვაბნი გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გადმოკიდებული ქვაბიდამ, და მით აღვლენ. იტყვიან უფლის აკვანსა მუნ და აბრაჰამის კარავსა. მდგომს უსვეტოდ, უსაბლოდ, და სხვათაცა საკვირველად. არამედ მე ვდუმებ. კვალად ძირს მისსა არს მონასტერი, კლდესა შინა გამოკვეთილი უდაბნოდ, და აწ ცალიერი”.

ხალხური გადმოცემის საფუძველზე, ამავე ქვაბულში გადაიტანა თავისი ,,განდეგილი”-ს მოქმედება ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც ,,ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი.
ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს
იმ წმინდათ სადგურს ყინულის ზღუდე
და ზედ კარია გამოკვეთილი,
ვით კლდის ნაპირზე არწივის ბუდე.
ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი
ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა,
და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა გზით
ვერ ძალუძს ასვლა ვერა რა კაცსა”.

მაგრამ დღეს, ალპინიზმის თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, ასვლა გამოქვაბულის კარებთან სავსებით შესაძლებელია. უკეთუ საბოლოოდ დადგენილი იქნება ნამდვილი ბეთლემის არსებობა – ვახუშტის აღწერასა და ხალხის გადმოცემას ნათელი მოეფინება მეცნიერული გამოკვლევის შედეგად.

ამ გამოქვაბულის შესწავლა უთუოდ დიდი მნიშვნელობის საქმეა, რაც კიდევ ერთი საბუთი იქნება ჩვენი წინაპრების დიდი კულტურის.

ვინაიდან გამოქვაბულში შესვლა მოითხოვს ალპინიზმის უმაღლესი ტექნიკის გამოყენებას, მიზანშეწონილად მიმაჩნია მოეწყოს ალპინისტთაგან შემდგარი მცირერიცხოვანი ექსპედიცია, რომელიც წინასწარ გამოიკვლევს, შევა გამოქვაბულში, ხელმისაწვდომად გახდის მას მეცნიერ-მუშაკთათვის და ამით ნათელს მოჰფენს საუკუნეობრივ საიდუმლოებას.

საქ. ალპური კლუბის მუშაობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიუდგომელ გამოქვაბულთა შესწავლას, რომელსაც განაგებს კლუბთან არსებული მუდმივი სპელეოლოგიური (გამოქვაბულების შემსწავლელი) კომისია, მაგრამ მას ამჟამად არავითარი სახსრები არ მოეპოვება ამისათვის.

მე, როგორც ალპური კლუბის სპელეოლოგიური კომისიის წევრი ამ საკითხით დაინტერესებული ვარ; მაქვს სურვილი, საკმაო ფიზიკური და მორალური შესაძლებლობანი მივიღო ჩემს თავზე ამ საქმის ორგანიზაცია. ამიტომ გთხოვთ დაამტკიცოთ აქ წარმოდგენილი გეგმა და ხარჯთაღრიცხვა, გაიღოთ ექსპედიციისათვის საჭირო სახსრები და მისცეთ განკარგულება სათანადო სავაჭრო ორგანიზაციას ექსპედიციისათვის კუთვნილი პროდუქტების დაუბრკოლებლად გაცემის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ახლა საუკეთესო პირობებია ზემოაღნიშნული მუშაობის საწარმოებლად, რადგან ზაფხულის პირობებში ქვათაცვენის გამო, ხოლო უფრო დაგვიანებით ღრმა თოვლისა და დიდი სიცივის გამო, გამოქვაბულის მიდამოებში მუშაობის წარმოება უფრო სახიფათო იქნება.

ვიდრე ექსპედიცია მოეწყობოდეს, აუცილებელია ახლავე მივლინებულ იქნას ერთი კვირით ორი კაცი – წინასწარი რეკოგნოსცირებისათვის, რომლის შემდეგ დაზუსტებული იქნება ექსპედიციის გეგმა, ხარჯთაღრიცხვა და ჩატარების დრო.

გთხოვთ ჩემთან ერთად მიავლინოთ ამხ. შ. წერეთელი და გასცეთ განკარგულება მივლინების გაფორმებისა და 2000 მან. ავანსად გაცემის შესახებ. 24 დეკემბერი 1947 წელი”.

დაუყოვნებლივ გადაწყდა ექსპედიციის ორგანიზება. საქართველოს მთავრობის მიერ პროექტი დამტკიცდა და ექსპედიციის ხელმძღვანელობა ალექსანდრა ჯაფარიძეს დაევალა.

1948 წლის 2 იანვარს, ალექსანდრა ჯაფარიძე და შალვა წერეთელი თბილისიდან გაემგზავრნენ. ჯვრის უღელტეხილზე დიდი თოვლის გამო საქართველოს სამხედრო გზა ჩაკეტილი იყო. მათ შემოვლა მოუხდათ ბაქოსა და ვლადიკავკაზის გზით. თერგის ნაპირებიდან კი მგზავრობა მარხილებით განაგრძეს.
სტეფანწმინდაში ექსპედიცია 4 იანვარს ჩავიდა, აქ მათ შეუერთდა ლევან სუჯაშვილი. ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების თხოვნით, ექსპედიციაში შეიყვანეს აგრეთვე ყაზბეგის მუზეუმის დირექტორი სტეფანე ალიბეგაშვილი, რომელსაც თან ორი თანამშრომელი ახლდა.

6 იანვარს, დილის 6 საათზე, 6 კაცისაგან შემდგარი ჯგუფი, თოვლიანი ალპური ველების გავლით გაემართა მწვერვალის ციცაბო კალთებისაკენ. გზად, მოხერხებული ადგილიდან დურბინდით კარგად დაინახეს გამოქვაბულის კარი, ხოლო ჯაჭვი, სიშორის გამო, ჯერ კიდევ გარკვევით არ ჩანდა.

ნაშუადღევს, 3 საათზე, ექსპედიციის წევრებმა მიაღწიეს მეტეოროლოგიურ სადგურს. მოზამთრეები სიხარულით შეეგებნენ სტუმრებს. ყველანი გრძნობდნენ, რომ ისინი უჩვეულო ექსპედიციის მოწმენი და მონაწილენი იყვნენ.
7 იანვარს, დილით, 8 საათზე გაემართნენ გამოქვაბულისაკენ. ექსპედიციაში უკვე 8 კაცი შედიოდა: ალექსანდრა ჯაფარიძე (ხელმძღვანელი), ლევან სუჯაშვილი, შალვა წერეთელი, სტეფანე ალიბეგაშვილი, არჩილ კობაიძე, გრიგოლ შადური და მეტეოსადგურის თანამშრომლები – ირაკლი იმნაძე და ვალერიან სუჯაშვილი.

კლდოვანი მასივის იმ ადგილიდან, საიდანაც უკვე გარკვევით ხედავდნენ გამოქვაბულის კარსა და ჯაჭვს, იწყებოდა გზის უძნელესი უბანი. აქ, “მეკავშირედ” შალვა წერეთელი დატოვეს, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გასაწევად. ჯაჭვის ბოლოს რომ მიაღწიეს, განცვიფრდნენ: ჯაჭვს საუკუნეებისთვის გაეძლო და არ დაჟანგულიყო. გასინჯეს და დარწმუნდნენ, რომ მას შეიძლება აჰყვეს კაცი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც თოკი ამჯობინეს. ჯერ ლევან სუჯაშვილი ავიდა. მას აჰყვნენ ალექსანდრა ჯაფარიძე და ვალერიან სუჯაშვილი. კარი მაგრად იყო დახურული, არ იღებოდა. ჩაყინულ კარს ჯაჭვის სიმძიმეც არ უშვებდა. კარის წინ პატარა მოედანზე სამნი ეტევიან… სცადეს კარის თავზე არსებულ სარკმელში გადაძრომა და სამივენი სენაკში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ ამოზიდეს ჯაჭვი და კარი შიგნიდან გააღეს. დანარჩენებიც თოკისა და ჯაჭვის დახმარებით ავიდნენ გამოქვაბულში. ალექსანდრა ჯაფარიძის ჩანაწერის მიხედვით: ,,გამოქვაბული მდებარეობს მწვერვალ ყაზბეგის სამხრეთ-აღმოსავლეთით კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 4000-4100 მ სიმაღლეზე. მისი გარეგანი სახე მეტად საინტერესოა: გამოქვაბულის კარი გამოკვეთილია თითქმის 400 მეტრის სიმაღლის შვეულ, მართლაც ,,ფრიალოსაებრ ჩამოთლილ” კლდეზე. კლდე შორიდანვე განირჩევა თავისი მოწითალო ფერით და სრულიად მიუვალად ეჩვენება თვალს. მანძილი კლდის ფუძიდან კარამდე დაახლოებით 300 მ იქნება, ხოლო კარიდან კლდის წვერამდე 100 მეტრი.

კლდეში გამოკვეთილი კარის სიმაღლე 1 მეტრი და 30 სმ, სიგანე კი – 60 სმ-ია. კედლის სისქე კართან 65 სმ-ია. ზემო ნაწილში გამონაკვეთი კარი რკალისებურია. კარის ორთავე მხარე გამაგრებულია ბოძებით, რომელთა დიამეტრია 15 სმ., ბოძების სიმაღლე შიგნიდან მარცხნივ 1,38 მეტრია, მარჯვნივ – 1,54 მ. ასეთივე ზომისაა გარეთა ბოძებიც. კარი ხის მთლიან ფიცარს წარმოადგენს. იგი ოთხკუთხედის ფორმისაა, სიმაღლით – 1,05 მეტრი, სიგანით – 45 სმ, სისქე – 8 სმ. როგორც კარი, ისე ბოძები ვერხვის ხისა უნდა იყოს.

კარის ზემოთ თავისუფალ ადგილს სარკმლის დანიშნულება აქვს, საიდანაც გამოქვაბულში დღის სინათლე შედის. უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვაბულის კლდის შვეული კედლის მიმართება არის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ამრიგად, კარი, და მაშასადამე, სარკმელიც პირდაპირ სამხრეთისკენაა მიმართული და მთელი დღის განმავლობაში მზის სხივები არ შორდება. ამით აიხსნება, რომ გამოქვაბულში საკმარისი სინათლეა და კარის გაღების შემთხვევაში ფოტოგადაღებაც კი თავისუფლად შეიძლება.

ხის კარზე გარედან მთლიანად, ხოლო შიგნიდან ნაწილობრივ გადაკრულია 2 მმ სისქის რკინის ფურცელი, რომელიც მოჭედილია მსხვილთავიანი ლურსმნებით და რკინისავე დაგრეხილი რგოლებით. კარის შიგნით, მარცხენა ბოძის ძირში დამაგრებულია მოკლე, 1 მეტრიანი ჯაჭვი, რომლითაც, ალბათ, შიგნიდან იკეტებოდა კარი. წინ პატარა მოედანია (სიგრძე 1 მეტრი, სიგანე 0,5 მეტრი), შუა კარზე დამაგრებული წვრილი ჯაჭვის სქელ ხლართში გამობმულია 5,5 მეტრი სიგრძის მსხვილი ჯაჭვი, რომელიც გადმოკიდებულია კარიდან ქვემოთ, შვეულ კლდეზე. ჯაჭვის ბოლოში გამობმულია ნალისებური რკინა ხელის მარჯვედ მოსაკიდად.

ჯაჭვის ქვემოთაც პატარა მოედანია, სადაც თავისუფლად თავსდება სამი კაცი. უეჭველია, ძველად ამ ადგილამდე მისასვლელი ბილიკი იქნებოდა, მაგრამ დროთა მსვლელობაში, კლდეების გამოფიტვის შედეგად დანგრეულა. ამჟამად ასეთი ბილიკის არსებობის არავითარი ნიშნები არ არის.

ამრიგად, უკვე გარეგანი სახე გამოქვაბულისა ცხადყოფს, რომ იგი ნამდვილად იმ ბეთლემის გამოქვაბულია, რომელიც აღწერილი აქვს ვახუშტის საქართველოს გეოგრაფიაში. უდავოა, რომ ილიასეული აღწერაც ჩვენს მიერ აღმოჩენილ გამოქვაბულს ეხება”.

ექსპედიციის წევრთა ყურადღება მიიპყრო გამოქვაბულის სისუფთავემ. ,,კედლები და ჭერი სუფთად იყო შეთეთრებული. მას ემჩნევა ხელოვნური გამოკვეთის კვალი. კარისკენ ოდნავ დახრილი იატაკი მოგებული იყო ოთხკუთხა პარკეტივით მჭიდროდ ურთიერთმორგებული ფილებით. კედლები თითქმის მრგვლადაა გამოკვეთილი კლდეში. უკანა კედელი უფრო განიერია და თანდათანობით ვიწროვდება კარისაკენ. ჭერი გუმბათისებურია. კარიდან მოპირდაპირე კედლამდე მანძილია 3,90 მეტრი. დასავლეთიდან აღმოსავლეთ კედლამდე – 4,10 მეტრი, სიმაღლე – 2,68 მეტრი, იატაკის გარშემოწერილობა უდრიდა 13,35 მეტრს. ყურადღება მიიქცია გამოქვაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებულმა ტრაპეზმა, რომლის სიმაღლეა 66 სმ, სიგრძე – 73 სმ და სიგანე – 54 სმ. ტრაპეზის ფუძე ქვისაგან ხელოვნურად იყო ნაშენი, გარედან შელესილი და შეთეთრებული, ხოლო თვით ტრაპეზი ანდეზიტის ბრტყელ, თლილ ქვას წარმოადგენდა, რომლის სიგრძეა 82 სმ, სიგანე 65 სმ და სისქე – 7 სმ. ტრაპეზზე გადაფარებულ ნარმის მსგავს, მაგრამ უფრო თხელ და სრულიად თეთრ, კუსტარულ ქსოვილზე ეწყო შემდეგი ნივთები: მარცხენა წინა კუთხეში მოზრდილი სამფეხა ბრინჯაოს შანდლის ძირი; მარჯვნივ ერთ კუთხეში – ხის ლამბაქი; მეორე კუთხეში – ხისავე ჯამი; შუაში მოთავსებული იყო ხის პატარა კოლოფი ორი განყოფილებით, რომელშიც ეყარა 10 ცალი ძველებური ვერცხლის ფული. შუაშივე იდგა მუცელგანიერი პატარა ხის ჭურჭელი გახვრეტილი თავსახურით, რომელიც შესაძლოა მირონისათვის იყო გამოყენებული, ტრაპეზზევე იყო მარმარილოს პატარა ნაჭერი და ორი ხის ფირფიტა, რომლებზედაც შესაძლებელია, ხატები იყო დაკრული.

ტრაპეზის ორივე მხარეს აღმართულია ორი წვრილი ხის ბოძი, რომლის ქვედა ბოლო დაბჯენილია იატაკზე, ხოლო ზედა მიბჯენილია გამოქვაბულის თაღზე. ბოძებს შუა თოკივით გაბმულია ქსოვილის ნაჭერი, რომელზეც ტრაპეზის ჩრდილო მხარეზე ფარდასავით გადაკიდებულია რამდენიმე ნაჭრად თეთრი ქსოვილი, რამდენიმე მათგანი დახეულია. ამ ქსოვილებზე მიყრდნობილი ჭდეული ხატი (დროშა) ზომით 13X19 ასომთავრული. ხატზე ეფინა ისეთივე ნაჭრის ნაქარგი ხელმანდილი. ხატის მარცხნივ და მარჯვნივ ქსოვილებზე გამოხატული იყო ჯვარი.

ტრაპეზის გვერდით, გამოქვაბულის აღმოსავლეთ კედელთან იდგა მაღალი სამფეხა ხის შანდალი, კლდეზე მიყუდებული 5 წლის ჯიხვის რქა, აღმოსავლეთ კედელთანვე, კარიდან 1,5 მ მანძილზე იდგა ქვის დასაჯდომი, რომელიც ანდეზიტის ორი ქვისაგან შედგებოდა: 40 სმ სიგრძის, 30 სიგანისა და 30,5 სმ სიმაღლის. ქვედა ნაწილს ზემოდან ედო იმავე სიგანის, 40 სმ სიგრძისა და 10 სმ სისქის ანდეზიტის თლილი ქვა.

ტრაპეზის ჩრდილო მხარეზე, ზედ კედელთან იდო ოთხწახნაგოვანი გამოთლილი დიდი ქვა, რომლის ქვედა მხარე უფრო განიერია და ზედა ნაწილი ვიწრო. ზემოდან, შუაგულში ნახვრეტია. ქვის განიერ გვერდზე გამოკვეთილია ფართო ჯვარი. მეორე მხარზე გამოკვეთილია ვიწრო და სადა ჯვარი, დანარჩენი ორი გვერდი თავისუფალია. გამოქვაბულში ადამიანის ცხოვრების კვალი არ შეიმჩნევა. ჩანს, მას მხოლოდ სამლოცველოს დანიშნულება ჰქონდა.

სენაკის დასავლეთ კედელზე ხის ორი ნაჭრისაგან შემდგარი სათადარიგო კარი იყო მიყუდებული, გამოქვაბულის კარის ზომისა. როგორც ჩანს, ოდესღაც ორივე კარი აბმული ყოფილა, შემდეგ კარის ადგილას ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ოთხი ხის ბოძი ჩაუსვამთ, რომელიც შიგნიდან ამოლესილია.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთებისა, აქვე აღმოჩნდა ისრის პირი სატარით (10 სმ სიგანის), ჩრდილო კედელზე ეკიდა დაჟანგული, პატარა ყუნწიანი, ნახევრადსფეროსებური, გვერდებშეჭყლეტილი ორი თითბრის ეჟვანი, საზიარებელი რკინის კოვზი, სამი ნემსკავი, ხის ჭურჭლის სათლელი ხვეწი და სხვ. სულ 20 საგანი”. ალექსანდრა ჯაფარიძემ დეტალურად აღწერა და ფოტოაპარატით გადაიღო ყოველივე, რაც მათ გამოქვაბულში დახვდათ. ამისათვის სამი საათი დასჭირდათ და დაბრუნებისას თან წამოიღეს ის ნივთები, რომლებიც საინტერესო უნდა ყოფილიყო მეცნიერთათვის.

თბილისში დაბრუნებისთანავე, ექსპედიციის ხელმძღვანელმა ალექსანდრა ჯაფარიძემ, ჯერ გაზეთ ,,კომუნისტში” გამოაქვეყნა ინფორმაცია კვლევის პირველი შედეგების შესახებ, შემდეგ კი მოხსენებით გამოვიდა ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც კლუბის პრეზიდიუმის მაშინდელი თავმჯდომარე ნიკო კეცხოველი უძღვებოდა. მან შეაფასა აღმოჩენის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ესაა ამ საინტერესო ობიექტის კვლევის პირველი ნაბიჯი, რადგან ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მყინვარის კლდოვან კალთებზე მღვიმე-გამოქვაბულთა მთელი სისტემა ყოფილა, რომელთაგან ზოგი შეიძლება დღეს ამოვსებულ-ამოქოლილია, ხოლო სხვები თოვლ-ყინულით დაფარული.

ბეთლემის გამოქვაბულში მიკვლეული ნივთები ყურადღებით შეისწავლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომისიამ აკადემიკოსების ნიკო ბერძენიშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, გიორგი ჩიტაიას, ხელოვნებათმცოდნე იროდიონ სონღულაშვილისა და ნუმიზმატ თამარ ლომოურის შემადგენლობით. მათ დაადგინეს, რომ ხატი-დროშა რელიეფური გამოსახულებით და წარწერებით ძველი ქართული ჭედურობის იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს და არაუგვიანეს XII საუკუნისა უნდა იყოს. უფრო ადრინდელი წარმოშობისაა შანდლის ბრინჯაოს სადგამი (ძირი); ვერცხლის ფული სხვადასხვა ეპოქისაა, აქედან ორი მონეტა ერეკლე მეფის დროინდელია, ერთი – XV საუკუნის მეორე ნახევრისაა, ხოლო 7 ცალი XVII საუკუნის ირანული მონეტებია. გამოკვლევის შემდეგ ეს ნივთები ექსპონირებულ იქნა ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში; აქვეა გამოქვაბულიდან მოგვიანებით ჩამოტანილი რკინით მოჭედილი სათადარიგო კარი და ჯაჭვი…”

ალექსანდრა ჯაფარიძე ბეთლემის გამოქვაბულის ძირში. გურამ თიკანაძის ფოტო

ბეთლემის გამოქვაბული შობის დღეს აღმოაჩინეს

ბეთლემის გამოქვაბულის კარი. ტარიელ საყვარელიძის ნახატი

ბეთლემის გამოქვაბული შობის დღეს აღმოაჩინეს

დასაჯდომი ქვა. მარცხნივ კუთხეში რქა – ყანწი, რომელიც 1957 წელს ლევან გოთუამ თბილისში ჩამოიტანა და ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებულ ილია ჭავჭავაძის მუზეუმს გადასცა

ბეთლემის გამოქვაბული შობის დღეს აღმოაჩინეს

აი, რა სახით დახვდა ბეთლემის გამოქვაბული პირველ სტუმრებს 1948 წლის 7 იანვარს. ალექსანდრა ჯაფარიძის ფოტობეთლემის გამოქვაბული შობის დღეს აღმოაჩინეს