18 დეკემბერი, 2020

ვახტანგ მეექვსის მუდარის წერილი

მეფე ვახტანგ მეექვსემ მუდარის წერილი მისწერა ავსტრიის ელჩს დირლინგს კონსტანტინოპოლში.

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:

“საუკუნეების შემდეგ ვკითხულობ და არ იცით, როგორ თანავუგრძნობ, როგორ მეცოდებიან, როგორი მძიმე დღეები გამოიარეს.

ვახტანგ მეექვსის მუდარის წერილი ავსტრიის ელჩს დირლინგს კონსტანტინოპოლში:

„გაცნობებთ, თქვენ, როგორც მის იმპერატორობის უდიდებულესობის სრულუფლებიან წარმომადგენელს პორტაში, რომ ამჟამად იქაური მაჰმადიანი მმართველი ჩვენს საზღვრებთან ახლოს თავს უყრის მნიშვნელოვან სამხედრო ძალებს, რათა ჩვენზე მოულოდნელი თავდასხმით გაანადგუროს ჩვენი სამფლობელო და ძირფესვიანად აღმოფხვრას აქ ქრისტიანული სახელის ყოველგვარი ხსენება.

გვწამს, რომ განსაცდელი და ტანჯვა აქაური უბედური ქრისტიანებისა, რომელთა შორის არის ბევრი ადამიანი, რომელიც კათოლიკურ სარწმუნოებას აღიარებს, გამოიწვევს თქვენს გულში სიბრალულის გრძნობას, და… ვევედრები თქვენს გულმოდგინებას ქრისტიანობისათვის, რათა თქვენ პირადად აიღოთ თქვენს თავზე პორტაში ყველაზე ქმედითი შუამდგომლობა, რაზეც გევედრებით და ვლოცულობ თქვენზე სავსებით დარწმუნებული, რომ ღმერთი ერთი ასად მოგიზღავთ თქვენ და თავისი სურვილისამებრ წარმართავს იმპერატორის იარაღს.

წერილი, რომელიც თან ერთვის, გთხოვთ კეთილი ინებოთ, გადაუგზავნოთ იმპერატორს. ამჟამად ჩვენ საზღვრებთან გზებს მაჰმადიანები სდარაჯობენ, რაც არ მაძლევს საშუალებას ეს წერილი ერთ-ერთი ჩემი შიკრიკის ხელით გამოგიგზავნოთ.

თქვენი უმორჩილესი მსახური ვახტანგი, საქართველოს მეფე.“

ქართველი მონარქის თხოვნა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ დარჩა. ავსტრიამ ქართლისათვის ვერ მოიცალა, განაწყენებულმა შაჰმა თამაზმა, კი ვახტანგს ქართლი ჩამოართვა და კახეთის მეფე კონსტანტინე II-ს გადასცა. თბილისის შემოგარენში განლაგებულმა ირანის გარნიზონმა, შაჰ-თამაზის ბრძანებით, ქალაქზე შეტევა დაიწყო. დედაქალაქს კახეთის მხრიდან კონსტანტინე II-ც მოადგა თავისი ჯარითა და დაქირავებული ლეკებით. დამარცხებული ვახტანგი ჯერ გორში გაიხიზნა, იქიდან კი რუსეთში გაიქცა.”