17 დეკემბერი, 2020

უყურადღებოდ მიტოვებული რუსლან მიქაბერიძე

მსახიობი რუსლან მიქაბერიძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოზარდ მაყურებელთა თეატრის, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრის მსახიობი ლექსებს წერდა და 5 კრებულის გამოსცა.

რუსლან მიქაბერიძის მეგობრის გია კორკოტაშვილის თქმით, მსახიობი უყურადღებობაში და მოუფერებლად გავიდა ამ ქვეყნიდან:

“ესეც პატრიოტი იყო და თქვენც, თქვე ფარჩაკებო!

უყურადღებობაში და მოუფერებლად გავიდა იმქვეყნად!

ქართველებმა მარტო გარდაცვლილის ფასი იციან, ისიც ან იციან და ან არა.”

რუსლან მიქაბერიძე ”სამშობლო”

ვისია, ქალი ლამაზი, ბოლოს და ბოლოს ვისია?!
ისევ სადაო გაგვიხდა, რაც ჩემ და ჩემი ძმისია.
ჯერ რუსი შემოგვესია, მერე სხვა წამოგვისია,
სუყველამ გულზე გვიკბინა, უბეში ვინც ჩაგვისვია.
ვისია ტურფა ქვეყანა, ეს მიწაწყალი ვისია?
იქნება მართლა არ ვიცით, იქნება მართლა სხვისია.
იქნებ აფსუას ეჭირა ნაპირი შავი ზღვისია,
ანდა ქსანი და ლიახვი ოსების საბრძანისია.
ან ყიზილბაშის სამშობლო, ბოლნისი და დმანისია,
მაშინ დიდგორი რა არი, კრწანისის რა კრწანისია?
არ მოსათმენის მოთმენა ძალიან საძრახისია,
გადაგვავიწყდა ნაომრებს სისხლის გაღების მისია.
რომ აქ მხოლოდ ის ვიგუოთ, ვინც ჩვენთან ძმობის ღირსია,
რადგანაც მიწა ჩვენ ფეხქვეშ მამა-პაპათა ძვლისია.
ვისია ეს საქართველო? უნდა გაირკვეს ვისია!
მისთვის სიკვდილი, კაცებო, სიცოცხლის დასაწყისია!