24 დეკემბერი, 2020

უხელფასობა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “აფხაზეთის” წევრები ბოლო ორი თვის – ნოემბერ-დეკემბრის ხელფასებს ითხოვენ.

ინფორმაციას ანსამბლის წევრი ქეთი მაისურაძე ავრცელებს:

“რატომ არ უხდის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბ-ნი რუსლან აბაშიძე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური დასის წევრებს ბოლო ორი თვის (ნოემბერ-დეკემბრის) ხელფასებს?!

მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრემიერ მინისტრს ბ-ნ გიორგი გახარიას, დაგვეხმაროს არსებული პრობლემის მოგვარებაში.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ დრომდე არსებობს აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტში თანხა, რომელიც საკმარისი იქნება ჩვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამისთვის საჭიროა მთავრობის თავმჯდომარის კეთილი ნება და ხელმოწერა, რომელიც რატომღაც ამ დრომდე ჭიანურდება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ანსამბლში დასაქმებულები არიან აფხაზეთიდან დევნილები, მათ შორის ოჯახის წევრები (ცოლ-ქმარი), რომლებსაც პანდემიის გამო არ აქვთ ალტერნატიული წყარო სხვა შემოსავლის მისაღებად. ამ ოჯახებს ჰყავთ: შვილები, პენსიონერი მშობლები, აქვთ ბანკის იპოთეკური სესხები, შესაბამისად უხელფასობის და მსოფლიოში არსებული ვითარების გამო, ვართ უკიდურესი პრობლემური მდგომარეობის წინაშე. უკვე გვქონდა ღია კომუნიკაცია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ რუსლან აბაშიძესთან, რომელიც ჩვენ პრობლემას გაურკვეველი მიზეზების გამო თავს არიდებს.

მოგმართავთ თხოვნით ბ-ნო რუსლან, აიღეთ პასუხისმგებლობა ზემოთ აღნიშნულ პრობლემაზე და დროულად, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოახდინეთ სწრაფი რეაგირება. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ბატონი რუსლანი უგულებელყოფს ჩვენ პრობლემას, მივმართავთ პრემიერ მინისტრს ბ-ნ გიორგი გახარიას გულთან მიიტანოს ჩვენი პრობლემა და გვიშუამდგომლოს ბ-ნ რუსლან აბაშიძესთან, რათა დააკმაყოფილოს აკადემიური დასის მოთხოვნები.”