15 დეკემბერი, 2020

თამარ მეფის საფლავის ამბავი

თამარ მეფის საფლავთან დაკავშირებით უამრავი თქმულება და ლეგენდა არსებობს. უძლიერესი ქალი მეფის სამუდამო განსასვენებლის ადგილი დღემდე გასაიდუმლოებულია.

ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე და ალპინისტი ოთარ გიგინეიშვილი ოცდაათიან წლებში თავის მოგზაურობის ამბებში წერდა:

“ერთხელ, დვალეთში, არდონის ხეობაში, ოსებით დასახლებულ სოფელში ლაშქრობის შემდეგ დაღლილები სახლის ბანზე ვისვენებდით. ხანშიშესული ჩვენი მასპინძელი მრავალი ამბის მომსწრე და მოწმე იყო, საუკუნეთა სიღრმიდან მოსული მრავალი გადმოცემა ახსოვდა, თამარი კი მისი ხატი იყო, სალოცავი. იგი იხსენებდა:

მტრებს რაიმე რომ არ ევნოთ თამარის წმინდა ცხედრისთვის, – გვიამბობდა დინჯი ქართულით მასპინძელი. – ის ბრუტსაბძელაზე აიტანეს და ჩვენი ხეობა მას დარაჯობდაო”.

ლიახვის სათავეში კი ღრმად მოხუცი მიამბობდა:

“არწივმა თამარ მეფეს ოქროს ქოში მოსტაცა, ბრუტსაბძელაზე აიტანა და იქ დაასვენა. ახლაც იქ არის, ცისკრის ვარსკლავის სხივზე ელვარებს განთიადის წინ.”

იმ ოქროს ქოშის ბრწყინვალებამ ბევრს დაუკარგა მოსვენება და ბრუტსაბძელისკენ მიმავალ გზას გაუყენა, მაგრამ ამ მწვერვალის სახელი ბევრს არც გაუგონია, ზოგსაც ჰგონია, რომ იგი თვალითაც არ უნახავს. იგი ჩრდილოეთით, კავკასიონის გადაჯაჭვულ მწვერვალთა რიგში ჩამდგარა და იქიდან მთელი ქართლის ველ-მინდვრებს გადმოჰყურებს.

ქართლელები ბრუტსაბძელას რატომღაც იალბუზსაც უწოდებენ, თუმცა ამ სახელწოდების მთა სულ სხვაგანაა, შორს, საქართველოს საზღვრებს მიღმა, ჩრდილოეთ კავკასიონზე, ხოლო 3670-მეტრიანი ბრუტსაბძელა მას და კავკასიონის ბევრ მწვერვალს სიმაღლეში და მასშტაბურადაც საკმაოდ ჩამორჩება, ქართლიდან კი, თუ მყინვარწვერს არ ჩავთვლით, შთამბეჭდავად გამოიყურება.”