9 დეკემბერი, 2020

სრულიად გაპარტახებული ეკლესია ჯავახეთში

ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის ეკლესია 1000 წლისაა. მართლმადიდებლური ტაძარი ამჟამად უმოქმედოა. მისი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:

“ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის უმოქმედო მართლმადიდებლური ეკლესია, აგებული ანატოლიიდან გადმოსახლებული ბერძნების მიერ 1893 წელს, ძველი ქართული ნატაძრალის ადგილზე. ტაძრის მაშენებლად მოხსენიებულია ბერძენი მღვდელი დარდაგანი.

ტაძრის ეზოში დავარდნილი და სანახევროდ მიწაში ჩაფლული მოზრდილი ბალავრის ორნამენტირებული და ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერიანი ქვა 1020 წლით თარიღდება.

უპატრონობისაგან ტაძრის ქვის ლორფინის სახურავი დაზიანებული და გაბალახებულია, წყალი რეცხავს და ანადგურებს ინტერიერს. საჭიროა ქვის ლორფინის სახურავის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, ინტერიერის ახლიდან გალესვა და მოწესრიგება.

ვარევანის ნაეკლესიარის წარწერა:

“სახელითა ღრმთისაითა დაიდვა ესე ბალავარი ჴელითა ცოდვილისა იოანეს და გაბრიელისათა. ქორონიკონი იყო სმ” (1020 წ.) – წელს საუბილეო 1000 წელი შეუსრულდა ამ ნატაძრალს და წარწერას!

ბექა სესაძის ფოტოები. 1020 ბალავრის ქვის ფოტო გიორგი მაღრაძის.

სოს!!! საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა!”