14 დეკემბერი, 2020

შოთა რუსთაველის ერთი განსაკუთრებული სტროფი

შოთა რუსთაველის პოემიდან “ვეფხისტყაოსანი” რთულია გამოყო ერთი ყველაზე განსაკუთრებული სტროფი, თუმცა ფილოლოგი გია მურღულია ამ სტროფს ასახელებს და მის განსაკუთრებულობასაც განმარტავს:

“ყველას გვახსოვს რუსთველის ერთი სტროფი, რომელიც ჩვეულებრივ მსჯელობას პოეზიად აქცევს:

“ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა”.

“…მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა” – აი, ამის სწამს რუსთველს. ეს ღმერთშემოსილობის რწმენა და იმედია. ასეთი ღმერთი მარტივი და ადვილი სამაგიერო კი არ არის, უბრალოდ ხსნაა.

ეს არ არის ის ღმერთი, რომელიც სულ სასჯელით მემუქრება და ცოდვის სიმძიმით მთრგუნავს (რიუნოსკე აკუტაგავას “ნანკინელ ქრისტეში” კედელზე ჯვარცმას რომ უყურებს სუნ ძინხუა და ამბობს: “ვფიქრობ, რომ უფალი ქრისტე იქ, ცაში თვითონ ხვდება ჩემს გულისნადებს. ასე რომ არ იყოს, უფალ ქრისტესა და იაოძაიკოს პოლიციელს შორის რაღა განსხვავება იქნებოდა?” – ოთარ ავალიანის თარგმანი), არამედ მცირედი სიკეთის გაკეთების დროსაც გვერდით რომ მიდგას და მამხნევებს: იყავი ადამიანი!

ერთი ცოდვა კი არ გადასწონის ათას სიკეთეს, ერთი სიკეთე გადასწონის ათას ცოდვას. რწმენა არის სიკეთის შესაძლებლობის გამარჯვება მის შეუძლებლობაზე.

ღმერთი არ გასწირავს თავის შექმნილ ადამიანს, თუ მასში სიკეთის მისხალი მაინც ბუდობს, რომელიც თავისი მარადიული სამყოფელისაკენ მოუწოდებს – დაბადე უფალში შენი გადარჩენის სიხარული ან სევდა!

ეს განუწირველობა ადამიანის უფლებაც არის და სიმშვიდეც.

წუთისოფელი იცავს პრინციპს “თვალი – თვალისა წილ, კბილი – კბილისა წილ”, იესოს დამკვიდრებული პრინციპი კი სიკეთე და მიტევებაა.

რუსთველს სწამს (ეს ყველაზე მეტად ავთანდილში ჩანს), რომ სიკეთის მკეთებელ ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს უფლის თანყოფნის, თანადგომისა და დახმარების იმედი – სადაც სიყვარულისკენ მიდრეკილი კაცია, ღმერთიც იქ არის.

ამის განცდა და გააზრება ადამიანის ძალმოსილების ყველაზე დიდი გამოვლინებაა წუთისოფელსა თუ ზესთასოფელში.

ამ განცდაში ბედნიერად ერთდება ორი მარტივი წინადადება: “მე ვიცი” და “მე მწამს” – ბედნიერებას ცოდნისა და რწმენის ჰარმონიული შეზავება ბადებს.

მე არ ვარ იდეალური, მე მაქვს შეცდომის უფლება, მაგრამ მწამს და ვიცი, რომ მიყურებს ღმერთი, რომელიც ჩემს არსებობას კი არ დასცინის და მუდმივად შურისძიებისთვის ემზადება, არამედ – მამა, სიყვარულით გვერდით რომ მიდგას და ჩემში გასხივოსნებული სიკეთის თითოეულ მისხალს ღიმილით შეჰხარის.

ეს მმატებს ძალას, ვესწრაფოდე, ვიყო უკეთესი ყოველ მეორე დღეს – მე მოსიყვარულე მამა შემომცქერის და ჩემგან სინათლეს ელის. მე არ შემიძლია მისი გაწბილება.

ადამიანს არ ხელეწიფება (არც ფიქრეწიფება), ღმერთს მეტოქეობა გაუწიოს.

მას მხოლოდ მისი სიყვარული შეუძლია – ასე თუ არ არის, მარცხდება.

ღმერთიც ასეთია – სწორედ მან ასწავლა ადამიანს, რომ ნამდვილი სიცოცხლე და სიყვარული ერთი და იგივეა.
ზოგი სწავლობს, ზოგიც – არა.
შედეგიც შესაბამისია.

მაშ, მეტოქეობა თუ სიყვარული?
რუსთველი და ავთანდილი გვეუბნებიან, რომ მეორეს ალტერნატივა არ აქვს.
მისი ალტერნატივა არყოფნაა.”