12 დეკემბერი, 2020

ოთარ სეფიაშვილი და მისი “ილუზიონი”

გადაცემა “ილუზიონი” და მისი წამყვანი ოთარ სეფიაშვილი გასული საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში ყოველ შაბათ საღამოს ნამდვილ დღესასწაულს აწყობდა – მაყურებელს საშუალება ჰქონდა საუკეთესო ფილმები ენახა.

თუ როგორი პოპულარული იყო ოთარ სეფიაშვილი და მისი “ილუზიონი”, ზურაბ მაჭავარიანი სახალისო ისტორიას იგონებს:

“ბიჭებოოოო, ილუზიონი მოვიდა!!!

80-იანი წლების შაბათ საღამოს 22 საათზე მთელ საქართველოში – ქალაქად და სოფლად, დიდი და პატარა მიჯაჭვული იყო ტელევიზორებთან. იწყებოდა იმ დროისათვის ძალიან პოპულარული გადაცემა კინოს მოყვარულთათვის – ,,ილუზიონი”.

წამყვანი – ოთარ სეფიაშვილი შესანიშნავი კინოკრიტიკოსი, ძლიერ ენაწყლიანი კაცი. მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო მოსაუბრე იყო, მაშინ ადამიანები უცხოური ფილმების ნახვით განებივრებულები არ იყვნენ და ამიტომ ერთი სული ჰქონდათ კინო დროზე დაწყებულიყო და ენახათ. ბატონი ოთარი კი ხანგრძლივად გვიხსნიდა ფილმის ავ-კარგს და გვმოძღვრავდა კინოს დაწყებამდე.

ქალაქში გაჩნდა ხუმრობა – ,,ქუთაისლებმა შემოუთვალეს ოთარ სეფიაშვილს: შაბათს ილაპარაკე და კინო კვირას გაუშვი, თორემ იმდენს ლაპარაკობ, ფილმი რომ იწყება, შუა ძილში ვართო.”

მე კიდევ ერთი კურიოზი გამახსენდა ბატონ ოთართან დაკავშირებით, დიდი დროა გასული და მოყოლა შეიძლება:

ბატონი ოთარი გადაცემა “ილუზიონი”-ის წამყვანობით ქალაქში პოპულარული და ცნობადი სახე იყო. ამ პერიოდში მას რომანი გაუბამს ერთ ჩვენს მეზობელ ქალბატონთან და ცდილობდა, ეს ამბავი რაც შეიძლება არ გახმაურებულიყო. საყვარელთან სტუმრობისას მანქანას სხვა ქუჩაზე ტოვებდა, რაც შეიძლება გვიან და მაქსიმალურად შენიღბული შემოდიოდა ეზოში, რომელიც იტალიური იყო.

ერთ დღესაც ბიჭები ფეხბურთს გვიანობამდე ვთამაშობდით და ამ დროს ეზოში ვიღაც კაცი შემოვიდა, ჩვენ ვერ ვიცანით (კარგი მასკიროვკა ჰქონდა), მაგრამ კიბეზე ჩამომავალმა რეზომ გახარებულმა გადმოგვძახა: ბიჭებოოო! ილუზიონი მოვიდაააა! მისი დაძახილი და ჩვენი აღტაცებული ჟივილ-ხივილი ერთი იყო: ვააა, ილუზიონიიი!!!… ყვირილზე ფანჯრები გაიღო – პირველად ცნობისმოყვარე ქალებმა გამოჰყვეს თავი, მერე მათმა ქმრებმა და ბოლოს მთელი სახლი გამოეფინა.

ბატონი ოთარი სათაგურში გაბმული თაგვივით იდგა შუა ეზოში, ხალხით გარშემორტყმული, ჩვენს ათასგვარ კითხვებს (,,როკო და მისი ძმები” როდის გაუშვებ?! ,,ლედი კარატე” გლიჯე რა?!) დაბნეული, ჩურჩხელის ქურდობაზე წაჭერილი ბავშვივით პასუხობდა და ერთი სული ჰქონდა ჩვენგან თავი დაეძვრინა…

ბოლოს ამოილუღლუღა: ეზო შემეშალაო… ჩვენ შევთავაზეთ დახმარება, სად მიდიხართ გაპოვნინებ-თქო?!… მე… მე თვითონ მივაგნებო! – გვითხრა. გულში ალბათ ფიქრობდა: – რას გადამეკიდეთო…
მას შემდეგ ილუზიონი ჩვენს ეზოს აღარ სტუმრებია.

პ.ს. ოთარ სეფიაშვილი ხანდაზმული (90წლისა) გასულ წელს გარდაიცვალა ამერიკაში.
ღმერთმა გაანათლოს მისი სული!”