19 დეკემბერი, 2020

ნიკოლოზობას წასაკითხი

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელთან არაერთი დაუჯერებელი ისტორიაა დაკავშირებული.
მაესტრო გელა ფარჩუკიძე აქამდე უცნობ სასწაულს და ამ ისტორიაზე დაწერილ ხატს გვაცნობს:

“საოცრება ხატია – ,,ნიკოლოზ სველი” – არასდროს არ მინახავს.

,,ოჯახი ჩვილი ბავშვით წმინდა ნიკოლოზობის დღესასწაულზე ტაძარში მიდიოდა. მათ მდინარე ნავით უნდა გადაეკვეთათ. უცაბედად, დედას ჩვილი ხელიდან გაუსხლტა და ბავშვი წყალში ჩაუვარდა. სიბნელეში ჩვილი სწრაფად გაუჩინარდა. ბევრი ეძებეს იგი, მაგრამ ვერ იპოვეს. მთელი ღამე იტრიალეს, მკვდარი რომ მაინც ენახათ, მაგრამ ამაოდ და ტირილითა და გოდებით ფიქრობდნენ, სახლში დაბრუნებულიყვნენ თუ ტაძარში მაინც წასულიყვნენ.

ბოლოს, სალოცავში მისვლა გადაწყვიტეს. ტაძარში გარიჟრაჟზე მივიდნენ. ეკლესია დაკეტილი დახვდათ და დარაჯის გაღვიძება მოუწიათ. დარაჯს ძალიან გაუკვირდა, ასე ადრე მისულები რომ იხილა. მათ უამბეს თავისი უბედურება, რაც შეემთხვათ – რომ მათ დაკარგეს შვილი. დარაჯმა ტაძრის კარი გაუღო და სიბნელიდან მათ ჩვილის ტირილი შემოესმათ.

საყდარში შესულებმა წმინდა ნიკოლოზი ხატის წინ საკუთარი შვილი იხილეს სველი ტანსაცმლით! წმინდა ნიკოლოზმა გადაურჩინა ოჯახს თავისი შვილი და ამიტომ არის გამოსახული ხატზე ბავშვი სუდარაში გახვეული და უწოდეს ხატს “ნიკოლოზ სველი”.

შეეწიოს ამ ხატის მადლი ყველა ჩვენთაგანს, ჩვენს ოჯახებს და წყალობა სრულიად საქართველოს. ამინ!
წმინდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.”