1 დეკემბერი, 2020

“ხალხის მტრობისთვის” დახვრეტილი დიმიტრი შევარდნაძე

ქართველი ფერმწერი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი შევარდნაძე ავადსახსენებელ 1937 წელს “ხალხის მტრობის” ბრალდებით დააკავეს და დახვრეტა მიუსაჯეს.

ლავრენტი ბერიას გადაწვეტილებით, 1937 წელს შოთა რუსთაველის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში უნდა დანგრეულიყო მეტეხის ტაძარი და მის ადგილას დადგმულიყო რუსთაველის ძეგლი. გადაწყვეტილებას წინ აღუდგა ქართველების გარკვეული ნაწილი, მათ შორის, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და დიმიტრი შევარდნაძე. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათი დევნა და სამივე 37 წლის რეპრესიებმა იმსხვერპლა.

დიმიტრი შევარდნაძე ჯერ მუზეუმის დირექტორობიდან გადააყენეს, შემდეგ პრესაში მის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. მხატვარი დააპატიმრეს და მალე განაჩენიც სისრულეში  მოიყვანეს. მისი საფლავი, ისევე როგორც ამ წელს დახვრეტილი უამრავი ადამიანისა, უცნობია.

წლების განმავლობაში დიმიტრი შევარდნაძის სახელს ტაბუ ჰქონდა დადებული. მხოლოდ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გაბედეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა და ფართო საზოგადოებას დიმიტრი შევარდნაძის დამსახურებები გააცნეს. ეს დამსახურებები კი ქართული კულტურის წინაშე, ნამდვილად დიდია. სწორედ მას მიუძღვნის განსაკუთრებული წვლილი ქართული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით გასული საუკუნის 20-იან წლებში თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა და სულ მალე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერად იქცა. მხატვრის მიერ შემუშავებული კონცეფციის წყალობით, გალერეის კოლექციები შეივსო უმნიშვნელოვანესი ბიბლიოგრაფიული რარიტეტებით, ქართული და ევროპული მხატვრობის ნიმუშებით, აღმოსავლური მხატვრობისა და მინიატურის უნიკალური კოლექციით, ანტიკვარული ავეჯის, ჭურჭლისა და ხალიჩების უიშვიათესი ნიმუშებით.

მის სახელს უკავშირდება ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების უმდიდრესი სამუზეუმო კოლექციის შექმნა, შესწავლა და პოპულარიზაცია.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სწორედ დიმიტრი შევარდნაძე იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. მისი შექმნილია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გერბის ჰერალდიკა, ფულის ერთეულისა და საფოსტო მარკების ესკიზები, ქართული შრიფტის ახალი გრაფიკული მოხაზულობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გერბი და ბეჭედი.

საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად, დიმიტრი შევარდნაძე მუშაობდა ფერწერაში, გრაფიკაში, თეატრისა და კინოს მხატვრობაში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეას 2012 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭა.