7 დეკემბერი, 2020

გივი სიხარულიძის მთავარი სავედრებელი უფლისადმი

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე საჯაროდ აღიარებს იმ მთავარ სადარდებელს, რომელიც ყოველდღიურად ახსენებს თავს:

“ფეხქვეშ გათელილი” – ასე ეწოდებს შემოქმედი თავის ნოველას, რომელსაც უდიდესი გულისტკივილით გვიზიარებს:

„თუ გიყვარვარ, გევედრები,
ამისრულე ეგ სიკეთე,
შენ რომ გძინავს, იმ ტახტისგან
ფიცრის კუბო გამიკეთე.“

აი, ასეთი სულისკვეთებით იყვნენ განმსჭვალულნი ჩემი დროის ბიჭები გოგონების მიმართ, ასე გვიყვარდა და ასე ვაღმერთებდით ქალს. მთელი ბავშვობა ამ სტროფებს ვიმეორებდი, ვფიქრობდი, გავგიჟდი თუ მელანქოლია შემეყარა-მეთქი. არ ვიცი, რეალურად ერთი იყო თუ მეორე, მაგრამ ეს რთულად მოსასმენი ტაეპები, რომ მთელი ახალგაზრდული წლები აკვიატებული მქონდა, ცხადია!

გავიდა დრო. ჩემი ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით განვითარდა. ვერავინ, და მათ შორის მეც, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამ დონის მწერალი გავხდებოდი. მადლობელი ვარ ღმერთის, რამეთუ მარგუნა ლამაზი აღნაგობა, ნიჭი ცეკვის, მსახიობობის, სპორტსმენობის…

მაგრამ, თურმე, ეს ყველაფერი შესავალი ყოფილა ბიოგრაფიისა, რომელიც მწერლობით უნდა დაგვირგვინებულიყო. ჩემი ნოველების ძირითადი ფაბულა განცდებზეა აგებული. ვფიქრობ, ეს ამ ლექსის გავლენაცა…

დღევანდელი გადმოსახედიდან, ვაფასებ სამყაროს და სევდა მიპყრობს, ნუთუ მარტო მე და ჩემი დროის რამდენიმე თანამოაზრეს გვაწუხებს წუთისოფლის უკუღმართობა? ნუთუ წმინდა აღარაფერი შემოგვრჩა? ამ ფიქრებში გართულს ჩემი მეზობელი ახალგაზრდა ბიჭი, ზუკაკო გამახსენდა, რომელსაც ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ეს ის არ არის, ვისზეც ვოცნებობ… დილით შორტებიანი და საყურეებიანი ბიჭები ეზოდან რომ ეძახიან, ნაწნავიანი ზუკაკო ღია აივანზე გადმოდგება და დანაზებული ხმით პასუხობს. ამ ყველაფრის შემყურე, ჩავფიქრდი, ნუთუ ნამდვილად ასეა, იქნებ რამე მელანდება?

– არა, გივი, – ვუთხარი ჩემს თავს. სამწუხარო რეალობაა! ამ გარემოში მე აღარ ვარსებობ, თორემ ზუკაკო და მისნაირები ბევრნი არიან.

სასამართლოში საჩივრების 90% ცოლებისგანაა შესული – მისივე ნაყიდი მობილური ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯაო, ხელი მკრაო, ბავშვთან შეურაცხყოფა მომაყენაო… ასეთი ქალბატონი უკვე რვაჯერ იყო სასამართლო პროცესზე. აღმოჩნდა, რომ მერვე ქმარს უჩივის და აჭერინებს. ღმერთო, იმას მაინც არ მომასწრო, რომ ქმრები დარბოდნენ სასამართლოში, ცოლმა სილა გამაწნაო ან მსგავსი… უფსკრულის პირასაა ჩვენი ქვეყანა და რატომღაც მშველელი არსაიდან სჩანს, როდის გადავიჩეხებით უფსკრულში, არავინ იცის.

სამწუხაროდ, სამყარო უმსგავსობამ, უზნეობამ და ფარისევლობამ წალეკა. თანაც, ისე, რომ ვერცერთი ვირუსი და ბაქტერია მსგავსად ვერ დააზარალებს ჩვენს ერს, როგორც ზნეობისა და ეროვნულობის ფეხქვეშ გათელვა.

მე კი, ღმერთს ვევედრები, ჩემს ქვეყანაში კვლავ დაიბადონ ისეთი გოგონები, რომელთა მორალური და ზნეობრივი თვისებები ვაჟკაცებს თავგანწირვისთვის განაწყობს და სიყვარულის, ერთგულების სამსხვერპლოზე გაიყვანს.

ღმერთო, გამიძლიერე ჩემი ქვეყანა!”