7 დეკემბერი, 2020

გალაკტიონ ტაბიძის ყველაზე ამოუხსნელი ფენომენი

გალაკტიონ ტაბიძის შესახებ ბევრი თქმულა და ბევრიც დაწერილა. მწერალ გურამ მეგრელიშვილის მოსაზრება გალაკტიონის მოყვარულებისთვის არანაკლებ საინტერესოა:

“ჩემთვის ერთ-ერთი ამოუხსნელი ფენომენი გალას ცხოვრებაში მისი ცოლი, ოლღა ოკუჯავაა.

ოლღა ჯერ კიდევ ახალგაზრდა შევიდა კომუნისტურ პარტიაში და იყო აქტიური რევოლუციონერი, მებრძოლი და მასკულინური ენერგეტიკის ქალი.

ცნობილია, რომ საქართველოს ოკუპაციის წლებში, როგორც პარტაქტივისტი დადიოდა გალიფე შარვლით, იარაღით და იყო იმ ეპოქის სულისკვეთებით აღფრთოვანებული მანამ, სანამ ტროცკიზმის ბრალდებით არ გაასამართლეს.

სულ მეფიქრებოდა, როგორი უცნაურია ადამიანის სული, გონება, ვნებები. აქეთ გალა – მოსიარულე ღრუბლებს ზემოთ, სიტყვის ჯადოქარი, გრძნობებისა და ემოციების უცნაურად დამბუჟებელი არაამქვეყნიური მორწმუნე კაცი და იქით მისი საყვარელი ცოლი – ოლღა. გალას ცხოვრების დამანგრეველი თავისი უბედურებით. პოეტის ნამდვილი მუზა, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ქალი, როგორიც ათასობით, ასი ათასობითაა ჩვენ გვერდით. ათეისტი, პარტიული, რევოლუციონერი, არა რომანტიკა, არა “ცისფერი ცხენები”, არა “სილაჟვარდეები” და მაინც, ტაბიძის სულის აღვირი.

ფოტოზე ორივენი არიან. პირველი გადასახლებიდან დაბრუნებული ოლღა ჯოხით. ნაავადმყოფარი და უკვე მოტეხილი და გალაკტიონი, რომელიც ასევე ძალიან შეცვლილია გარეგნულად. ამ ფოტოს დავარქმევდი დემონისა და კეთილი ანგელოზის სიყვარულის ამბავს. ბოლო სერიაში, ანგელოზი ჯოჯოხეთში ჩადის შეყვარებულის მოსაძებნად.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.”