20 დეკემბერი, 2020

დავით ანდღულაძის განსაკუთრებული მისია

რეჟისორ დავით ანდღულაძის განსაკუთრებული მისია აღმოჩნდა ქართული თეატრისთვის სრულიად ახლებური ხერხებით სპექტაკლების დადგმა.

სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში მისი სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში დადგმულმა სპექტაკლებმა ქართულ თეატრს ახალი სული შთაბერა:

“არსებობენ რეჟისორები, რომლებიც კონკრეტული თეატრის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ, თეატრის ისტორიის ნაწილი ხდებიან, მათი სპექტაკლები კი ამ თეატრის ისტორიის გამორჩეული ფურცლები…
ასეთი იყო რეჟისორი დავით ანდღულაძე თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრისათვის, სადაც ის წლების განმავლობაში იყო სამხატვრო ხელმძღვანელი.

მისი სპექტაკლები, რომელთაც შემდეგ თეატრის შემოქმედებითი მიმართულება განსაზღვრეს საეტაპო მნიშვნელობის მოვლენად იქცნენ ქართული თეატრის ისტორიაში – “მეორე მოსვლა, ანუ ვიზიტი”, “ღალატი”, “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” სპექტაკლები, რომლებიც მრავალი პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა და განსაკუთრებით შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა. ეს იყო ახალი ხერხებითა და მეთოდით წარმოდგენილი მანამდე ქართული სცენისათვის უცნობი დრამატურგია, რომლითაც რეჟისორმა დავით ანდღულაძემ ქართულ თეატრს ახალი სული შთაბერა…

მშვიდობით, მაესტრო!” – ასე დაემშვიდობა ახმეტელის თეატრი 64 წლის ასაკში გარდაცვლილ რეჟისორს.