24 დეკემბერი, 2020

ასეთია ლია ლიქოკელის პოზიცია

მწერალი ლია ლიქოკელი მკითხველს მისი პირდაპირობისა და გამორჩეული წერის მანერის გამო უყვარს:

“აი, თუ არ აქვს ხალხს ფული” შინაარსის პოსტები მხვდება დილიდან. ნიშნისმოგებით დააფრიალებენ მოლებთან გადაღებულ რამდენიმე ფოტოს ყიჟინით, რომ თურმე ყველაფერი კარგად ყოფილა და იმდენი ფული გვაქვს, აღარ ვიცით, სად დავხარჯოთ.

მართლა გჯერათ, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობა – ცხადია, თქვენს გარდა – იმ რამდენიმე სავაჭრო ცენტრთანაა თავმოყრილი დაგროვილი დოვლათის დასახარჯად?
გჯერათ, რომ კარგი ცხოვრების დამადასტურებელ მაგალითად გამოდგება ეს ამბავი?
სერიოზულად ამბობთ ამას?

ისე, იქნებ ასეცაა:
თუ მოლში წასვლა არ შეგიძლია ახლა, არც დედაქალაქში, თანაც დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ უბანში არ ცხოვრობ (თუ საცხოვრებელი გაქვს საერთოდ), და უტრანსპორტობის გამო უახლოეს მარკეტამდე და აფთიაქამდე მიღწევაა შენი მაქსიმუმი – არც მანქანა გყავს, არც ტაქსის ფული გაქვს და არც იმის, რომ საახალწლოდ პურისა და ასაწონი ორცხობილების გარდა რამე იყიდო შენთვის თუ ძვირფასი ადამიანებისთვის, – საკითხავია, ხარ თუ არა საერთოდ ადამიანი და რა პრინციპით უნდა ჩაითვალო ამ ქვეყნის მოქალაქედ და მოსახლეობის ნაწილად?

ქვეყნის, რომელიც შენს საჭიროებებს და საერთოდ შენს არსებობას არ აღიარებს, თუ ღარიბი ხარ?

ჰოდა, არ ვარსებობთ ჩვენ.

არ ვარსებობთ ჩვენ, მეგობრებო – გვეჩვენება და დროა, ვაღიაროთ ეს, თორემ სტატისტიკას ვაფუჭებთ რაღაც ანგარიშებში, და საერთო ხედს – ცუდად გვაცვია, ცუდად გამოვიყურებით, თავს არ ვუვლით, რიგებს ვაყენებთ, რადგან ფული არ გვაქვს და ფასდაკლებებითა და აქციებით გვიდგას სული, – და საავადმყოფოებსაც გამოვავსებთ ხოლმე ჩვენს უვარგის სიცოცხლეს ჩაბღაუჭებულები (ისიც კი არ გვინდა, ჩუმად დავიხოცოთ), – და რაც მთავარია, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალია – საკუთარი სიღარიბეც, პანდემიაც, ეკონომიკური კრიზისიც და ყველა უბედურება დედამიწაზე.

იყოს ასე:
ეს მდიდარი ქვეყანაა.
მოსახლეობა კარგად ცხოვრობს.
ჩვენ ნუ მიგვათვლით.”