11 დეკემბერი, 2020

ანზორ ერქომაიშვილის უმაგრესი წერილი

ანსამბლ “რუსთავის” ხელმძღვანელი, ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი წერილს ავრცელებს, რომელიც “საუკუნის ხმას” თემურ ქევხიშვილს ეძღვნება:

“საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვაჟა-ფშაველა სიმღერასა და გალობას სულის მალამოდ აღიარებდა.

თემურ ქევხიშვილიც სულის ტკივილის დასაამებლად, ადამიანებისათვის შვებისა და სიხარულის მომგვრელად იყო გაჩენილი.

ვისაც მისი ნამღერი ,,ქალგულო“ მოუსმენია, დამერწმუნება, რომ იგი ღვთაებრივი ნიჭით მირონცხებული მომღერალი იყო. მღეროდა გულის სიღრმიდან ამომდინარე ხავერდოვანი ხმით.

ეს საუკენეებგამოვლილი, ხალხის სულიდან ამონაკვნესი, იდუმალებით მოსილი, სულისშემძვრელი ხმა იყო, – ხმა იდუმალი.

62 წელია, ერთად მოვდივართ:

მუსიკალური სასწავლებელი, კონსერვატორია;

ერთად დავაფუძნეთ ანსამბლი ,,გორდელა“, რომლის სასიმღერო შემოქმედებას თემურის ხმამ ნათელი მოჰფინა;

ერთად მოვიარეთ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, რომელთაც ქართული სიმღერის მადლი ვაგრძნობინეთ.

თემურ ქევხიშვილის სიმღერა ღვთაებრივი შუქით იყო გასხივოსნებული. იგი მსმენელს სულში უძვრებოდა და აჯადოებდა. მის სიმღერაში შერწყმული იყო უკიდეგანო სევდა და მაცოცხლებელი იმედი, მისი ღვთაებრივი ხმა და უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობა გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენდა მაყურებელზე. მისი სიმღერა გვაკეთილშობილებდა და ცხოვრებას გვიადვილებდა.

თემურ ქევხიშვილი იშვიათი ანსამბლისტი იყო, ყველა მომღერლისათვის სანატრელი პარტნიორი. გომარ სიხარულიძესთან ერთად შესრულებული დუეტები სამაგალითოა ყველა თაობის მომღერლებისთვის, ხოლო მიხეილ მცურავიშვილთან ერთად ნამღერი ,,გრძელი კახური მრავალჟამიერი“ ნამდვილი შედევრია.

,,გორდელას“ შემდეგ თემურმა მრავალი ანსამბლი შექმნა, სადაც ლოტბარის იშვიათი თვისებები გამოამჟღავნა, მისი ანსამბლები შესრულების მაღალი დონით გამოირჩეოდნენ და უმაღლეს შეფასებას იმსახურებდნენ.

რაც მთავარია, თემურ ქევხიშვილმა მომღერალთა თაობები აღზარდა, მან ბავშვებს ჩაუნერგა სამშობლოსა და სიმღერისადმი უდიდესი სიყვარული. მისი გაზრდილი მომღერლები დღეს თვითონვე ქმნიან ანსამბლებს და ემსახურებიან ქართულ ხალხურ სასიმღერო ხელოვნებას.

თემურ ქევხიშვილმა ქართლ-კახურ სიმღერებს საკუთარი კვალი დაატყო, მშობლიური კუთხიდან ჩამოიტანა იშვიათი მარგალიტები და ახალგაზრდებს მათი სურნელი აგრძნობინა.

თემურმა შექმნა იშვიათი ფონოჩანაწერები, რომლებიც მომავალ თაობებს აზიარებს ხალხური სიმღერის მადლს აზიარებენ.

ქართული მუსიკალური საზოგადოება თაყვანს სცემდა ამ მართლაც განუმეორებელ მომღერალს. მისი ხმისთვის სპეციალურად წერდნენ სიმღერებს გამოჩენილი კომპოზიტორები: ოთარ თაქთაქიშვილი, რეზო ლაღიძე, სულხან ცინცაძე და სხვები.

თავისი განუმეორებელი ხელოვნებით, თემურმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ყველა დროის რჩეულ ქართველ მომღერალთა შორის.

ყველა სასიმღერო შედევრს სხვადასხვა პერიოდში ჰყავდა თავისი გამორჩეული შემსრულებელი, რომელიც ამ სიმღერას საკუთარი სულის ნაწილად აქცევდა. ჩვენი აზრით, სწორედ ასეთია თემურ ქევხიშვილის მიერ შესრულებული „ქალგულო“, რომელიც საუკუნეებს გაჰყვება.

თემურ ქევხიშვილს უამრავი ჯილდო ჰქონდა მიღებული, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო მიანიჭა მშობელმა ერმა, რომელმაც იგი ,,საუკუნის ხმად“ აღიარა.

მადლობა ვუთხრათ განუმეორებელ მომღერალს – თემურ ქევხიშვილს, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოსა და ქართული ხალხური სიმღერის უკვდავებას მოახმარა.

წავიდა ჩვენგან ლეგენდარული მომღერალი, შეუერთდა დიდებულ მომღერალთა საუფლოს და ქართველ ერს, სულის სალბუნად, სამარადჟამოდ დაუტოვა თავისი ხმა – ,,ხმა იდუმალი“.