12 ნოემბერი, 2020

სულ სხვანაირი ჩუბჩიკა – თენგიზ მირზაშვილი

მხატვარ თენგიზ მირზაშვილს – ჩუბჩიკას თავისი ჯადოსნური სამყარო ჰქონდა, რომელსაც ნამუშევრებში აცოცხლებდა. თუმცა არანაკლებ საინტერესო და ჯადოსნური იყო მისი არომატული კომპოტები – დიახ, დიახ, არ მოგესმათ კომპოტები. მხატვარი მათ სხვადასხვა ხილისგან საკუთარი რეცეპტით ადუღებდა და ყველას ურჩევდა, ალკოჰოლური სასმელის ნაცვლად კომპოტი დაელიათ…

პროფესორმა ამირან არაბულმა ერთი ისტორიული ფოტო გაგვიზიარა და ჩუბჩიკაზე უცნობი ისტორიაც გვიამბო:

“რაკი ამ კადრში ეთერ თათარაიძესთან, ანანო არაბულთან და ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად ჩუბჩიკა – თენგიზ მირზაშვილი არ ჩანს, უნდა ვიფიქროთ ანდა ვივარაუდოთ, რომ ის ამ დროს სახელოსნოს ახლომდებარე სუპერმარკეტშია ჩასული ხილის ნატურალური წვენის, ტკბილეულისა და რამე-რუმეების ამოსატანად…

საგანგებოდ არჩეული ნაირგვარი ხილი ხომ თავისთავად, საკუთარი რეცეპტით მომზადებული და მოდუღებული უჩვეულოდ არომატული კომპოტიც ყოველთვის ამკობდა და აფერადებდა ჩვენი (ჩემი და თენგიზის) ხელით შეკრულ სახელოსნოს ტევად მაგიდას…

კომპოტის ხსენებამ მოიყოლია: თენგიზ მირზაშვილი, მოგეხსენებათ, მუდამ მტკიცედ და ფეხმოუცვლელად იდგა თრობის მოყვარულთა საპირისპირო პოზიციაზე, ქებული სიფხიზლის სადარაჯოზე და მეგობრებს, ასევე ახლგაცნობილებსა თუ სულაც უცნობებს მოუწოდებდა, ურჩევდა, არწმუნებდა, ალკოჰოლური სასმელის ნაცვლად კომპოტი დაელიათ…

ალექსი ჭინჭარაულმა, მოთმინების ფიალა რომ აევსო, შეჰბედა და დაუწუნა გემოვნება; დაუწუნა და “სამარცხვინო ბოძზე” გააკრა ჯანმრთელი ცხოვრების წესის გამოუსწორებელი ადეპტი:

“კომპოტს ისა სვამს, ჩუბჩიკო,
ვინც დაბადებით ლენჩია,
ანდა ის, ვისაც ერგება
სიბერის მცირე პენცია,
შემირცხვენია ღვინოსთან
კომპოტის კომპეტენცია!..”

პ.ს. მიჭირს თქმა, სინამდვილეა თუ ილუზორული წარმოსახვა: ადამიანების წამიერი მდუმარებისა თუ გარინდების ჟამს თენგიზ მირზაშვილის სახელოსნოში “დაბინდული ქლიავისა” და “ქერიგოს ქვიშათ ფერი” ნახატები სულს იდგამენ და ლაპარაკობენ!..”