1 ნოემბერი, 2020

სამაგალითო პავლე ინგოროყვა

ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოსი პავლე ინგოროყვა ნამდვილად სამაგალითოა თითოეული ქართველისთვის. ის იყო ადამიანი, ვინც 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი მოიძია, ძველ ქართულ საგალობლებში ამოიცნო სანოტო ნიშნები. 7 ენის მცოდნემ ფასდაუდებელი ნაშრომები დაგვიტოვა – “რუსთაველიანა”, “გიორგი მერჩულე”… ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პავლე ინგოროყვას ნაშრომს “გიორგი მერჩულე” გასული საუკუნის 50-იან წლებში სოხუმის ცენტრში აფხაზი სეპარატისტები წვავდნენ.

განსაკუთრებულად ძვირფასია მისი საფუძვლიანი კვლევა აფხაზეთის ოლქის შესახებ, თუმცა ამ კვლევის გამო, მეცნიერებათა აკადემიამ პავლე ინგოროყვას აკადემიკოსად არჩევაზე უარი განაცხადა.

იგი იყო საოცრად სულგრძელი და დიდი ადამიანი. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პავლე ინგოროყვამ ობოლი ძმისშვილები იშვილა, რადგან ბიოლოგიური შვილი არ ჰყავდა და მთელი ცხოვრება მათთვის არაფერი დაუკლია.

პავლე ინგოროყვა რომ გულმხურვალე პატრიოტი იყო, ამის დასტურია შავჩოხოსნების ცნობილი ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი არიან პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი და ალექსანდრე აბაშელი. მათ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაიცვეს შავი ჩოხები და ასე გამოიტირეს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. ეს იყო ყველაზე რაინდული პროტესტი რუსების იმპერიის წინააღმდეგ. ამ ქმედებით მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ არასდროს შეეგუებოდნენ რუსეთის მიერ მათი სამშობლოს დამონებას.

მას უდიდესი წვლილი მიუძღვის 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაშიც. პავლე ინგოროყვა იყო იმ დელეგატთა შორის, რომლებმაც ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, საქართველოს კათოლიკო-პატრიარქად კირიონ მეორე აირჩიეს.

სიცოცხლის ბოლო პერიოდში თუ შეეკითხებოდით, როგორ ხარო, აუცილებლად გიპასუხებდათ: “სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია.” პავლე ინგოროყვას “ვეფხისტყაოსანი” სასთუმალთან ედო და ამ პოემიდან ციტატებს ხშირად ამბობდა.