8 ნოემბერი, 2020

ყოველდღიურად საკითხავი ილია ჭავჭავაძისგან

საბედისწერო დღე ილია ჭავჭავაძისთვისილია ჭავჭავაძის ლექსებსა და მოთხრობებზე არანაკლებ საინტერესოა მისი პუბლიცისტიკა.

“არტ ინფო” გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც დღეს კიდევ უფრო აქტუალურია:

“განვთვითეულდით, ცალ-ცალკე დავიშალენით, ასო-ასოდ დავიჭერით, და მაგ განთვითეულებამ, ცალ-ცალკეობამ ყოველგან და ყოველს-ფერში ის საქმე გვიყო, რაც ეზოპეს ზღაპარში თვითეულს წკეპლას მოუვიდა, ერთად ძნელად გადასამტვრევს. ამის შემდეგ, რასაკვირველია, საერთო სახელი აღარ შეგვრჩებოდა, და აკი აღარ შეგვრჩა…

რაკი ის დიდებული ქართველობის აზრი, ის საყოველთაო სახელი გონებიდამ გამოგვეცალა, ჩვენი გონება დაიფუყა, სულით და ხორცით დავკუწმაწდით. გონება ჩვენი, როგორც ყოველივე საგანი, რომელიც დაიფუყება, შეგვივიწროვდა, დაგვისუსტდა და, რასაკვირველია, ვეღარაფერს ფართოსა და დიდს აზრს ვეღარ დაიტევდა და ვერ ზიდავდა. ამ მიზეზით ყოველივე აზრი, ფიქრი, სურვილი, გრძნობა დაგვინამცეცდა, გონებითად, ზნეობითად დავპატარავდით. მას აქეთ, რასაც კი ხელი მოვკიდეთ, ვეღარ მოვერივენით, რასაც კი გონების თვალით დავაკვირდით, გონებაში ვერ დავიტიეთ; ავიღეთ ყოველი იგი და დავანაკუწეთ, იმოდენა ნამცეცებად ვაქციეთ, რამოდენის ზიდვასაც თვითეულის ჩვენგანის ღონე შესძლებდა, რადგანაც მთელის ზიდვისათვის საერთო მხარი აღარა გვქონდა.

ზემოთ ვსთქვი, რომ ერთიანი სახელი მთელის ჩვენის ხალხობისა ხუთ, თუ ექვს ნაჭრად დავყავით-მეთქი! გონებამ ჩვენმა ერთიანი, მთლიანი აზრი იმ სახელისა ვეღარ დაიტივა, ვერ ზიდა, აიღო და ის სახელი და მისი აზრი ხალხის მცირე ნაწილს დაარქვა. ამ-რიგად, სიტყვას: ქართველს, რომელსაც საზოგადო მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოობითი მნიშვნელობა მიეცა. სიტყვას: მამულსაც — ეგ საქმე დაემართა.”