3 ნოემბერი, 2020

ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ სერიალში

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, უნიჭიერესმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ამერიკული სერიალის შემოქმედებითი ჯგუფის ყურადღება დაიმსახურა.

Netflix-ის ახალი მინისერიალი “The Queen’s Gambit” – “დედოფლის გამბიტი” უოლტერ რევისის წიგნის მიხედვით გადაიღეს და მასში მთავარ როლს ანია ტეილორ ჯოი ასრულებს. სერიალი ბეტ ჰარმონის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჭადრაკის სამყაროში ამერიკის აღმოჩენა გახდა.

ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა მინისერიალის ბოლო სერია, სადაც ნონა გაფრინდაშვილზე გაკეთდა აქცენტი. როდესაც ბეტ ჰარმონი ჭადრაკს მამაკაც მოწინააღმდეგეს ეთამაშება, კომენტატორი აღნიშნავს:

“ამ ინტელექტუალურ თამაშში მას სქესი თუ გამოარჩევს, თუმცა ის ერთადერთიც არაა რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეს.”

ძალიან საამაყოა, რომ სერიალში ნონა გაფრინდაშვილია ნახსენები, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველი მოჭადრაკე მამაკაც მოწინააღმდეგეებს არაერთხელ შეხვედრია: 1965 წელს დიდ ბრიტანეთში ნონა გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგე არც მეტი, არც ნაკლები, ერთდროულად 28 მამაკაცი მოჭადრაკე იყო.

მოჭადრაკე ოლიმპიუ ურკანი “დედოფლის გამბიტში” ნონა გაფრინდაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“სერიალის სცენარით ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია ჭადრაკი მამაკაც მოწინააღმდეგესთან. სინამდვილეში სწორედ ნონა გაფრინდაშვილმა მისცა ბიძგი სხვა ქალ მოჭადრაკეებს გაბედულად ეთამაშათ მამაკაცი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ.”