10 ნოემბერი, 2020

მურმან ლებანიძის და თენგიზ არჩვაძის ამბავი

პოეტი მურმან ლებანიძე შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი იყო. ერთხელ მან მსახიობი თენგიზ არჩვაძე საზოგადოებაში დაიბარა.

ამ ამბავს თენგიზ არჩვაძე განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს:

“ერთხელ მურმან ლებანიძემ რუსთაველის საზოგადოებაში მისვლა მთხოვა. ვიფიქრე, რამე პოლიტიკურ პარტიაში არ გამაწევრიანონ-მეთქი და ფეხი ვითრიე. ბოლოს მურმანმა ამიხსნა, რუსთაველის საზოგადოების წევრი უნდა გახდეო. პოლიტიკური ხომ არაფერია-მეთქი ვიკითხე, ჰოდა, რომ დავრწმუნდი, პოლიტიკური არაფერი იყო, მივედი.

არაჩვეულებრივად შემხვდნენ. ქალბატონმა ლენამ – მურმანის მეუღლემ რაღაც კონვერტი გადმომცა. ვიფიქრე, ალბათ, “ადრესია”. მერე ბატონმა მურმანმა მითხრა, სახლამდე მე თვითონ გაგაცილებ და ვიდრე ფანჯრიდან არ გადმოიხედავ და არ დავრწმუნდები, რომ სახლში ხარ, მანამ არ წავალო.

მივხვდი, საქმე რაღაცაში იყო. თურმე კონვერტში 2000 ლარი ჩაუდიათ. ასე შემატანინა ძღვენი ოჯახში ბატონმა მურმანმა.”