5 ნოემბერი, 2020

მწარე სიმართლე მიხეილ ჯავახიშვილზე

მწერალ მიხეილ ჯავახიშვილზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ლევან თაქთაქიშვილი:

“ბუკინისტურ მაღაზიაში შემხვდა მიხეილ ჯავახიშვილის “მიწის ყივილი”. ბავშვობაში წაკითხული მქონდა. მაშინ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა. შინაარსი ასეთია: პარიზში ქართველი ხვდება 88 წლის ემიგრანტს, რომელიც ასევე ქართველი აღმოჩნდება. ეს მოხუცი იხსენებს ქართულს. ბოლოს სულ ივიწყებს ფრანგულს. ემოციებს ვერ უძლებს. ცუდად ხდება, ლოგინად ვარდება, აღარ უნდა საფრანგეთში, საქართველოში დაბრუნებას ითხოვს, ბოლოს კვდება. ფერფლი საქართველოში ჩამოაქვს ამ ქართველს და ანანურში, ამ ემიგრანტის მშობლიურ კუთხეში ქარს ატანს…

სენტიმენტალური ამბავი. ეს არის და ეს. რომ არა დაწერის დრო: 1928 წელი. აი, ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზრზენი. უფრო მეტად საინტერესო, ვიდრე მთელი ეს ნაწარმოები. უფრო სწორედ, დაწერის დრო 1928 წელი უფრო ბევრ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე 44 გვერდი. რა?

აი, რა:

ეს ნაწარმოები ემიგრანტებისათვისაა დაბეჭდილი, ჩამოდითო. სამშობლო გელითო. ელოდნენ ნკვდ-ს ჯალათები. ელოდნენ ნაგანით, ხიშტით, ჯურღმულებით… ელოდათ 1937 წელი. ყველა უნდა შეეყარათ სათაგურში. მიხეილ ჯავახიშვილი მაშინ ნკვდ-ს “დავერბოვკებული” მწერალი იყო. წერდა მათთვისაც, წერდა ღიადაც. წერდა “ჯაყოს ხიზნებს” და წერდა “მიწის ყივილს”. აი, ესაა ამაზრზენი.

1923 წელს მთელი ეროვნულ დემოკრატიული პარტია ჩაუშვა, თავისი ნებით. მოდი, ვთქვათ სიმართლე. ვინც ამაზე შემედავება, ნახოს ნესტან კირთაძის წიგნი: 1924 წლის აჯანყება, მანანა ხომერიკის ნაშრომები მიხეილ ჯავახიშვილზე.

ანკესი მიხეილ ჯავახიშვილის მომზადებული იყო. ვინც წამოეგო, დამისახელეთ გადარჩენილი. ტრაგედიის სისხლის წვეთები მის პიჯაკზეცაა. ერთია, რომ მისი ცხოვრებაც ტრაგიკულად და საშინლად დამთავრდა. ბავშვობაში ეს არ მიფიქრია. წაიკითხეთ ეს ნაწარმოები. ანკესს იგრძნობთ ენის ქვეშ.”