მომღერალი გიული დარახველიძე გარდაიცვალა

მომღერალი გიული დარახველიძე გარდაიცვალაშესანიშნავი მომღერალი გიული დარახველიძე გარდაიცვალა.

“იმღერეთ და მომიგონეთ!” – ასეთი გზავნილი დაგვიტოვა შემოქმედმა, რომელმაც ქართულ კულტურაში გამორჩეული ადგილი დაიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა გიულიმ პროფესიად სიმღერა არ აირჩია, გიტარაზე დაკვრა და უბადლო მღერა უმაღლეს საფეხურზე აიყვანა.

მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ, უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა სიმღერა და დაკვრა მისი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრი გახდა.

ქალთა ტრიო “სამაია” – ინოლა გურგულიას, გიული დარახველიძისა და მედეა სიხარულიძის შემადგენლობით უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. მომღერალი ქალბატონები ძირითადად ინოლა გურგულიას დაწერილ სიმღერებს ასრულებდნენ.

გიული დარახველიძე მუსიკალურად აფორმებდა სპექტაკლებს მიხეილ თუმანიშვილთან თეატრში.

“ფიფქებო” – მხოლოდ ეს სიმღერაა საკმარისი მისი შემოქმედებიდან, რომ სამუდამოდ შეიყვაროთ და არასოდეს დაგავიწყდეთ. ჰოდა, ავუსრულოთ უკანასკნელი სურვილი ამ არაჩვეულებრივ ქალბატონს – ვიმღეროთ და მოვიგონოთ!