26 ნოემბერი, 2020

მერაბ თავაძე ეროსი მანჯგალაძეზე

რეჟისორი და მსახიობი მერაბ თავაძე თავის უფროს კოლეგაზე ეროსი მანჯგალაძეზე ყოველთვის დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობს.

მათ ერთმანეთი რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის ფილმის “თოჯინები იციანიან” გადაღებების დროს გაიცნეს:

“ეროსი მანჯგალაძე ფილმზე „თოჯინები იცინიან” გადაღებების დროს გავიცანი. ჩვენი ურთიერთობა კი რუსთაველის თეატრში გაგრძელდა, სადაც თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, სამუშაოდ მივედი.
პირველ რიგში, ის დამამახსოვრდა, რომ ეროსი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ყველას მიმართ.

საერთოდ, მისი თაობის მსახიობები მართლაც გენიალურები იყვნენ და ჩვენ – უმცროს თაობას დიდი ხათრი და პატივისცემა გვქონდა მათ მიმართ.

ჩვენ ურთიერთობა ეროსის სიცოცხლის ბოლო წუთამდე გვქონდა. მეგობრობა, რომელიც ჩვენს შორის წლების მანძილზე არსებობდა, არსად გამქრალა. მას ვუყვებოდი ყველაფერზე, რაც მინდოდა მისთვის მეთქვა და გამეზიარებინა და დღემდე ასე ვარ – როდესაც პანთეონში მივდივარ, ჩემ სათქმელს და გულისტკივილს, რომელიც დამიგროვდა, ყოველთვის მას ვანდობ… მჯერა, რომ ჩემი ესმის და ისევ თავის პატარა მეგობრად მთვლის.

ეროსი იყო საოცრად მხიარული ადამიანი, თუმცა თავისი სევდაც ჰქონდა. ამ ესვდას არასდროს არავის გაუზიარებდა, ეს მხოლოდ მისი იყო და მასთან იყო. იმიტომაც იყო გენიალური, რომ ყოველთვის თავის პირად ტკივილზე მაღლა იდგა და არასდროს არავის ახვევდა თავს…

კვალი, რომელიც მან ქართულ თეატრსა და კინოში და, ზოგადად, საზოგადოებაში დატოვა, მართლაც ერთეულების ხვედრია. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება მისი მეგობარი ვყოფილიყავი.”