3 ნოემბერი, 2020

მერაბ ნინიძის დაუვიწყარი ამბავი

მსახიობ მერაბ ნინიძის ცხოვრებაში ბევრი განსაკუთრებული და დაუვიწყარი ამბავია, მაგრამ მისთვის მაინც გამორჩეულია “მონანიების” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ დაწყებული ცხოვრება:

“1987 წელს, როგორც იქნა, „მონანიება“ საჯაროდ გამოვიდა ეკრანზე. პრემიერისთვის ბებიაჩემმა კაბა შეიკერა. ფილმი ელვის სისწრაფით გახდა პოპულარული, ბილეთების დეფიციტი შეიქნა, დარბაზი ყველა სეანსზე გადაჭედილი იყო და მეც ნელ-ნელა შევატყვე, რომ უკვე ქუჩაში მცნობდნენ.

ერთხელ „ლაღიძის წყლებში“ შევედი წყლის დასალევად. მარტო ვიყავი და ჩემთვის ჩუმად დავდექი. უცებ ჩემ ირგვლივ გოგოები შეიკრიბნენ. დავინახე, რომ თან ჭიქიდან წყალს წრუპავდნენ, თან ჩუმ-ჩუმად ჩემკენ აპარებდნენ თვალს. მივტრიალდი და ცოტა მოშორებით გავიწიე. გოგოებიც მომიახლოვდნენ.
უცებ ერთის ხმა გავიგონე: „კინოში კიდე არაუშავს, მაგრამ ცხოვრებაში დიდი არაფერი“. მოულოდნელობისგან წყალიც გადამცდა და ლამის იქვე დავიხრჩვი.

მაშინ მივხვდი, რომ ალბათ ეკრანი აკეთილშობილებს ადამიანებს, სახეებს – ეტყობა რეალობაში მაინც სხვანაირები ვართ და არც ისე მომხიბვლელები, როგორც ჩვენ გვგონია.“