ლექსები კახეთზე

ლექსები კახეთზე

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე – კახეთი არაერთი პოეტის მუზა გამხდარა. ამის დასტურია “არტ ინფოს” მიერ შემოთავაზებული ლექსები:

 

მიხეილ ქვლივიძე:

აი, სამოთხე თვალით ხილული –
დამწიფებული მზეში თაველი
და გოლიათი ერთი მტკაველი
კავკასიონად გადაჭიმული…
კახეთი, ჩემი ოცნების მხარე!..
შეღამებამდე ვენახის კრეფა,
შეღამებისას ნამგალა მთვარე
და ორღობეში ძაღლების ყეფა.
მერე – ღამეთა გრძელი ზღაპარი
და გახვეული ნისლში ჭალები.
სუფრა, მასპინძლის ეშხით გამთბარი,
გასათხოვარის შავი თვალები…
მოძმესთან მუდამ ტკბილი დამხვედრი,
მტერთან – მარადის დაუნდობელი,
კახეთი, ჩემი დიდი კახეთი,
ჩემი ლექსის და ფიქრის მშობელი.

 

ტიციან ტაბიძე – გომბორის მთავრე:

დაიფშვნა, მაგრამ მაინც აქამდე
თავის ნანგრევებს უძლებს უჯარმა,
გასტანოს ძმებო, ჩვენს სიკვდილამდე
ამ სიყვარულის ცეცხლის გუჯარმა.
ასეთი იყო ის ღამე მაშინ,
ვახტანგს რომ ციდან მოესმა რეკა
დღესაც ქვითინით სტირიან ცაში
ვაჟა-ფშაველას ღვია და დეკა.
და სართიჭალის მეთარე საქო
ჩვენთვის აკაკი მღერის “სულიკოს”
ჩვენც ხო იმისთვის გვყოლია სატრფო
რომ ისიც ასე დაკარგულიყო.
აშუღმა თავის თქვა აშულური
სხვა სათქმელი აქვს ამ ჩვენს სამებას,
მაგრამ გაგვიხდა სიტყვა უძლური
და სათითაოთ ენა დაგვება.
მელიტა, ნინო, რძალი ზენარი –
მშვენიერებით შეემოსა კალთები კახეთს,
დაქალებული ვეფხვიც ეგ არი,
ბეწვის ხელიდან სამოთხე ვნახეთ.
დედის რძესავით ტკბილია ღამე,
იორი ჩქეფით ოცნებას არწევს.
გამოვა წამით გომბორის მთვარე
და გორგასალი ხმალით გადასწევს.

 

იოსებ ნონეშვილი – კახეთი:

ცივ-გომბორიდან სიმღერით
სიცოცხლის გადასახედი
მოსჩანს იისფერ ნისლებში
კახეთი, ჩემი კახეთი.
ღრუბლებში ამაღლებული
დგას ალავერდის ტაძარი,
ფიქრივით მიმოფანტულა
ნანგრევები და ნაცარი
იყალთოს დიდი ტაძრისა,
იყალთოს სიბრძნის ტაძრისა
რომლის სხივებმა წინაპარს
გზა მწუხრში გაუნათლისა.
ცივ-გომბორიდან სიმღერით
სიცოცხლის გადასახედი,
კახეთი ტკბილი კახეთი.

 

გალაკტიონ ტაბიძე – გახედე: კახეთი!

გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი.
რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.
გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,
ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი.
პირველ სექტემბრიდან სასარაკ, სავათა.
იქ თმაზე მეტია გნოლი და კაკაბი.
თხუთმეტი: ახალი იმედის სათავე.
სადაც კი ნისლია და ტყეა საკაფი,
თოფის ხმა, კივილი სისწრაფით მტევარი:
„დაეწი, ალზორა“, და მიჰქრის მწევარი.
ალაზნის ველი სჩანს. დილაა მზიანი.
გარშემო ბურია ღამენათევარი.

 

მუხრან მაჭავარიანი – კახეთის ღამე:

მზემ მოხუც მთვარეს დაუთმო სკამი,
ისე, როგორც ეს მიწაზე ხდება…
კახეთი ჯერ არ მენახა ღამით,
კახეთის ღამის მსმენოდა ქება.

როგორც ჩარგალთან,
როგორც სხვიტორთან
„მთვარე მეფურად,
მძლავრად ვიდოდა“;
ქერა დიაცი
უმზერდა ზეცას
ჭავჭავაძიანთ
ასულთ ნამზერსა.

 

გიორგი ლეონიძე – კახეთი:

გინახავს გომბორი მთიდან
დანაბინდარი შვენება?
გინახავს გადაშვინდული
ცისკრული ამოთენება?-

ციაგის ციალს აჰყვება
შუქი შორეულ შუქურთა
და გამოჩნდება სამშობლო
როგორც მოჭრილი ჩუქურთმა.

ალაზნის ველი ბრწყინვალე,
ოქროს მზის ამოსახედი…
ვაზდაბურდული სამშობლო,
ჩემი უკვდავი კახეთი!

ბროწეული და ატმები
შუქს უმატებენ დილასა;
სამასწლოვანი კაკლები
ისვრიან ნააჩრდილარსა.

თანცისკროვანობს ვაშლის ხე.
შუქი მტრედული მოება,
სინაზით აფეთქებულა
ნუშების გადმოთოება.
გადამარჯნული ბაღები,-
ოქროში ლალით ნაღები…
ანაზებული, მცინარი,
ლაჟვარდის წმინდა მინარი.

იაგუნდების წკარუნით
მოწანწკარენი წყარონი,
ზურმუხტის ტევრის ბიბინი,
ვაზფურცლის ნიავქარობა,
დურაჯის ცეცხლებრ ბრიალი,
წანანდლის გედის გალობა…

ნაცისარტყლევი ჩანჩქერები
ფირუზფრად ნახუჭუჭარი,
დაღისტნის მთები, გაშლილი,
ვით უკვდავების გუჯარი.

ღარზე გასული მაჭარი,
ქვევრებს რომ მოეტარება,
თვითეულ შხეფში რომ ისმის
სიცოცხლის მონექტარება.

მზის წყაროს-ძუძუს წყაროში,
ლალში მარჯანის ბრწყინება,
ჩქეფა და ჩამჩქეფარება,
დინება, გარდადინება.

ასწიე, ადი, შეიტკბე
სამშობლოს დიდი მშვენება…
სამშობლოვ, მხოლოდ შენი მზე
გულს ოქროოდ დამეშენება!…

 

ვაჟა ფშაველა – კახეთს:

მაღალ-ახადით გავხედავ,
სამოთხეს კარი ეღება:
ალავერდი სჩანს, კახეთი,
ჩემის სამშობლოს შვენება;
გულში ამოხდა ცისკარი,
ღამემ დაიწყო თენება.

მომინდა ძველის დროების,
გარდასრულ გმირთა ხსენება.
იმათ აჩრდილთან ლანდადა
მკლავებიც მომეჩვენება,
ხმლითა და ფარით შემკული,
მამულის მტერზე ტევება.
დავლიო შესანდობარი,
ოცნება მომეფერება.
სმით გავძეღ, მოგონება კი
გულს საუკუნოდ ენება.
რაზმი და რაზმი ფიქრების
გარს შემომერტყა ნისლადა,
აღარ მაცლიან ავწონო,
რაც მომივიდა ფიქრადა.
ტალღა აწვება ტალღასა,
ჩემს გულს იხდიან ბინადა,
ათას ნაწილად დაიჭრა
ერთად ნაგრძნობი წინადა.

თვალს ვერ ვაცილებ ბახტრიონს:
აყვანილი მყავ შვილადა,
ნატბევარია სისხლისა,
დღეს განისვენებს ტკბილადა;
ლუხუმ-ზეზვასებ ერთგული
მას ეყოლება ძვირადა!
ოცნება ბახტრიონისა
მონასტერშია მწირადა.

თვალს დავაყოლებ ალაზანს,
ქცეულსა ბევრჯელ სისხლადა,
ველს, ოქროს მტევნად წოდებულს,
აჰკიდებია კისრადა
გაღმა-გამოღმა სოფლები,
თავის სიცოცხლედ, იღბლადა.
ფილტვად აქვს კახეთს თელავი,
ხოლო სიღნაღი — ღვიძლადა,
პირის-პირ დაუყენებენ
კავკასიის ქედს ჯიბრადა
იმ თავის ციხე-გალავნებს,
ანაგებებსა მკვიდრადა.
ჩვენია ჩვენი ქვეყანა,
თუ ვის სხვას ერგო წილადა?
ქედ-დახრილნი ვართ, ბეჩავნი,
შთენილნი განაწბილადა.

წიწამურს, კიდით-კიდემდე
გართხმულს ალაზნის ველადა,
მე ვსახავ სული-წმინდადა,
მოფენილს კახთა მცველადა.
დღეს სად არიან, ვისაცა
ჩვენი დაღუპვა ეწადა?
რა ირგეს? — სხვა არაფერი,
მხეცები დარჩნენ მხეცადა!
ჩვენი ტანჯვის და ვაების
ალი აუშვეს ზეცადა.
ჩვენ ბევრი გვავნეს, თავის თავს
ვერ არგეს ერთი ბეწვადა.
რა დაჰრჩესთ ან დღევანდელებს
შემდეგში დასაკვეხადა!

დავცურავ ფიქრის ზღვაშია,
ტალღა პირში მცემს სილებსა,
ბედ-იღბლის ვერაგობაზე
ამაოდ ვაღრჭენ კბილებსა.

ავაყენებ კი ტირილით
გარდასრულ ქართვლის გმირებსა?
ხმალს ვინც იქნევდა, კვდებოდა
მკლავზე სისხლ-გადამდინარი,
ვინც ვერა სთმობდა მამულსა,
მტრის რაზმში ელვად მფრინავი,
“არ მოგცემთ ჩემსა სამშობლოს.”
ამირანის ხმით მგრგვინავი.
კვდებოდა პირზე ღიმილით
იმაზე მეტი ბევრადა,
რაც კახეთს მწვანე ამოვა
ტურფა ყვავილთან ერთადა
მაისის დამდეგებშია
მთა-მინდორ-ჭალა-ველადა.

დღეს გმირთა შესანდობარსა
მთები-ღა ჰსვამენ მაღლები,
რადგან კახეთში კახთათვის
დაცარიელდა მარნები.
ის მთები კავკასიისა, —
მკვდარი კახეთის ზღუდენი,
კვარცხლბეკი შავის ნისლების,
სად არწივთა აქვთ ბუდენი.
ჩემი ბავშვობის ოცნება —
ბარტყი — გაზარდა ორბადა,
უზარმაზარის მხრებითა,
კიდით-კიდემდე ზორბადა,
თავზე დაჰბრუნავს კახეთსა
გულმტკივნეული, მშობლადა.
და რომ არ იყოს ტანჯვითა
სულ მუდამ ისე ობლადა,
ალავერდს გიორგისა სთხოვს,
ბოდბეში — წმინდა ნინოსა,
რომ იმათ მეოხებითა
კახთ სხივი მოეფინოსა;
მეტი ისწრაფონ სწავლისკენ,
ნაკლებსა ჰსვამდენ ღვინოსა.

 

აკაკი წერეთელი – ოცნება:

აკაკი წერეთელი
კახეთი შემოვიარე,
ალაზნის პირი სრულადა;
ხალხი მოყვრულად დამიხვდა
და მიწა-წყალი _ მტრულადა.

საამო ედემ ქვეყანას
და მის ატეხილ ჭალებსა,
სიამოვნებით ავსილი,
მიმოვავლებდი თვალებსა.

ვამბობდი: ჰა, სად ყოფილა
სწორ-უპოვარი ქვეყანა!…
ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ ჯერ
სხვა არ მინახავს მისთანა.

ეს დაცემული ვაკე რამ,
რომ მიბჯენია მაღალ მთებს!…
დღისით მზე, ღამით მთვარეც კი
ზედ თავმომწონედ დანათებს!

ყვავილოვანი ტყე-ველი
ბაღებით, ვენახებითა.
თვალი ვერ ძღება ყურებით
და ენა მათის ქებითა.

ალაზანი და იორი
ერთმანეთს შეთანხმებიან
დედის რძესავით მალამოდ
კიდეებს შეერგებიან.

კეთილად შეზავებულსა,
სულის ჩამდგმელსა ჰაერსა,
სად ნახავ, კახელების მეტს,
მინიჭებოდეს სხვა ერსა?

მაგრამ ამდენი სიკეთე,
რითაც ცხოვრება ტკბილია,
ვეღარ ახარებს დღეს კახეთს
და რაღაც მოწყენილია.

ალაზანს ვკითხე, მთის ცრემლებს:
ხომ საქართველოს შვილი ხარ?
გულჩათხრობილი დუდუნში,
რად მაგრე მოწყენილი ხარ?

შენასისხლხორცი კახეთის,
რამ გაგიტეხა ეგ გული?
აკი თავს სდებდა ის შენთვის
და შენც იყავი ერთგული?

უტყუვრად შენაკავშირი
ერთად ჭირით და ლხინითა,
ხან თავს იბანდით სისხლითა,
ხან იღებავდით ინითა?

და ორივ არად მიგაჩნდათ,
ამბობდით: წამავალია!
გვირგვინი ეროვნობისა
კეთილი მომავალია!!

სადღაა ახლა ეს თქვენი
გმირული აღთქმა და მცნება?
და ასე სათვალდათვალოდ
რამ შეგიცვალათ გუნება?

მდინარეს, მთასა და ველსა,
გატყვიათ მოწყენილობა!
და ნუ თუ არ გრძნობთ რომ ერის
ცუდია დაღრეჯილობა?

მდინარემ მითხრა ქვითინით:
სხვისა ჭირი ღობეს ჩხირი,
შენ რა იცი მომავალში
რა მოგველის გასაჭირი?

შენ რომ გვხედავ აღტაცებით
და მოგწონვართ ერთად ყველა,
საპატრონოდ სულ სხვის ხელში
გადავდივართ ნელა-ნელა.

ჩვენ პატრონად და მპყრობელად
ვეღარ ვხედავთ ქართველ კაცებს,
“ძე”და “შვილი” განახევრდა
ვრჩებით “ოვებს” და “იანცებს”.

რა გვექნება ჩვენ საერთო,
მათთან ლხინში ანუ ჭირში?
ერთმანეთისათვის უცხო,
ჩავვარდებით გასაჭირში!!

მაგრამ უცხო რას დაეძებს
ან სიავეს ან სიკარგეს?!
ვაი იმათ ვინც ჩვენ მხოლოდ,
მოგვიძულეს და დაგვკარგეს!

უცხოელი კი, მის რჯულზე
მოსაპნულ თავს, სხვა მხრით გვიკრავს,
სისხლს გამოგვწოვს წვეთა-წვეთად,
რბილს გაგვაცლის, ძვალს გამოგვხრავს.

და მშვიდობით, მიწა-წყალო,
მასთან ერთად ქართლის ერო,
გულ-უხვო და ენა ტკბილო
ჩვენო “მრავალჟამიერო”!

სულ უსისხლოდ მოვისპობით,
აღარც კვლა და აღარც ჟლეტა,
საკლავ იარაღად მხოლოდ
გამოდგება “მნოგი ლეტა”!

აი, თუ რამ დაგვაღონა!
აგვირია გზა და კვალი
სასიკეთოს ქართველისთვის,
ვერ ამზადებს მომავალი!

ეს მითხრა და დაექანა
ცრემლით ზღვაში ჩასანთქმელად
და ოცნება მეც ნათელი
გადამექნა უფსკრულ ბნედად!

როგორც დედა ვერ იმეტებს
სასიკვდილოდ ვერც ერთ შვილსა
და ოცნებას საიმედოს
მიეცემა რაღაც ტკბილსა,
ისე მეცა, რომ ქართველი
გადარჯულდეს, არა მჯერა!

სულ სხვაგვარად მეხატება
მომავალი ბედის წერა.
გადამთიელს აქ რა უნდა?
რას მოიხმარს ჩვენს მიწა-წყალს?

წახდება და ჩვენც წაგვახდენს,
შეგვიფორხებს მით მომავალს.
მაგრამ მაინც საბოლოოდ
ის ჩვენსკენვე დაბრუნდება
წინააღმდეგ ბუნებისა,
არაფერი არ მოხდება!

ხეს ვერ დამყნი ისე ხეზე
თუ არ არის მისი გვარის
შეიძლება განა სადმე
გასწორება “მთა და ბარის”?

არა! და შენც, ალაზანო,
ცრემლით ნუ რწყავ შენს ნაპირსა!
“ჭირსა შიგან გამაგრება
ასე უნდა, ვით ქვითკირსა”.

რაც რომ უნდა ჭირი ნახოს,
საქართველო არ გაქრება!
მოსული და მონაბერი
მას პატივად დაედება!

გაეხარდა ალაზანსა,
სანუგეშოდ ჩემგან თქმული;
გადიყარა სევდის ქაფი
მოიბრუნა ისევ გული.

და მიმართა ისევ კახეთს,
მშვენიერმა მშვენიერსა!..
ჩვეულებრივ ამღერებდა
კახურ “მრავალჟამიერსა!”.