9 ნოემბერი, 2020

გურამ ფირცხალავა – კაცობის ეტალონი

კაცობის ეტალონი – ასე ახასიათებენ მსახიობ გურამ ფირცხალვას მისი მეგობრები, კოლეგები თუ რიგითი მაყურებლები. უნიჭიერესი მსახიობი არასდროს ღალატობდა ცხოვრებისეულ პრინციპებს და ალბათ ამიტომაც დაიმსახურა ასეთი წოდება.

გურამ ფირცხალავამ თავისი როლებით მართლაც უდიდესი საგანძური დაუტოვა მომავალ თაობებს, რომლებიც ამ უნიჭიერესი ადამიანის შემოქმედებით კიდევ დიდხანს იამაყებენ.

მსახიობის მეუღლე თანგული სიხარულიძე მასთან პირველ შეხვედრას ასე იხსენებს:

“წვიმდა. გაჩერებაზე ვიდექი. გურამმა მანქანა გამიჩერა, დაბრძანდით, წაგიყვანთო. არ ვიცი, მოვეწონე და ეს იმიტომ გააკეთა თუ არა, მაგრამ მას უყვარდა, როცა ადამიანების მიმართ ყურადღებას იჩენდა.

მაშინვე ვიცანი. ვიცოდი, ბოლოს ის ლეილა აბაშიძის ქმარი იყო და გაშორებულები იყვნენ. მანქანაში ჩავჯექი. მკითხა, სად მიგიყვანოთო, მშენებელი ვარ და მაშინვე სამსახურის მისამართი ვუთხარი. ფილმზე დასასწრები 2 მოსაწვევი გადმომცა, – მე გადაღებები მაქვს და ვერ მივალ, თუ გნებავთ, მეგობართან ერთად წაბრძანდითო.
არ ვიცი რატომ, მაგრამ გამოვართვი. ერთმანეთს ისე დავშორდით, არც ტელეფონი უთხოვია და არც ის უკითხავს, სად ვცხოვრობდი.

ფილმის სანახავად თანამშრომელთან მანანა ძნელაძესთან ერთად წავედი. რა ფილმი გადიოდა, არ მახსოვს, მაგრამ ფილმში კათრინ ჰეპბერნი რომ თამაშობდა, ეს კარგად მახსოვს. დარბაზში გურამიც აღმოჩნდა. ფილმი რომ დასრულდა, მოვიდა, გამოგველაპარაკა და სახლამდე მიყვანა შემოგვთავაზა.”

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს პირველად არც ერთი ქმნიდა და არც – მეორე, გურამ ფირცხალავასა და თანგული სიხარულიძის მეგობრულ ურთიერთობას სიყვარულმა აჯობა და წყვილმა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო:

“ხელს რომ ვაწერდით, მკითხეს, თქვენს გვარს ხომ არ დაიტოვებთო? პასუხი მე ვინ მაცადა, გურამმა სწრაფად უპასუხა, – ფირცხალავად დაწერეთ, თუ უნდოდა სიხარულიძე ყოფილიყო, მე რას მომყვებოდაო. გურამს გოდერძი ჩოხელი თავის ფილმში “ადამიანთა სევდა” იღებდა და იქიდანვე წავიდა გადაღებაზე.

სასაცილო ქორწილი გვქონდა. ერთოთახიანში ვცხოვრობდით და ამ პატარა სახლში 30-კაციანი სუფრა გავშალეთ, სტუმრებსაც დრო დავუთქვით, ყველანაირად მოვემზადეთ…

მოვიდნენ სტუმრები, მაგრამ გურამი არ ჩანდა. უპატარძლო ქორწილიაო, რომ არის “რაც გინახვავს, ვეღარ ნახავ”-ში, ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც, ოღონდ აქ უმეფო ქორწილი იყო.

გურამ შუაღამისას პირდაპირ გადაღებიდან მოვიდა, გიჟივით შემოვარდა და ის დღე ჩვენთვის მართლაც დაუვიწყარი და განსაკუთრებული იყო.”

წყვილმა ერთად 30 წელი იცხოვრა. მერე მსახიობი უკურნებელმა სენმა დაამარცხა და თანგული სიხარულიძე საყვარელი ადამიანის გარეშე დატოვა:

“გურამი რომ გარდაიცვალა, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა… ის იყო ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებას ალამაზებდა.”