22 ნოემბერი, 2020

გიორგი შავგულიძის უზუსტესი წინასწარმეტყველება

მსახიობ გიორგი შავგულიძის წინასწარმეტყველება უზუსტესი აღმოჩნდა და უსწრაფესაც ახდა. მან თავის მოქანდაკე შვილს ნურადინ (ნუკრი) შავგულიძეს საფლავზე ისეთი ქანდაკების დადგმა მოსთხოვა, რომელიც შვილმა დაიწუნა.

შორენა პაპაშვილი:

“ცნობილი ქართველი მსახიობის, გიორგი შავგულიძის ვაჟს, ნურადინ შავგულიძეს, რომელიც მოქანდაკე გახლდათ, ერთხელ სახლში მამაკაცის პატარა ფიგურა გამოუძერწავს, თუმცა არ მოსწონებია, ზემოდან ხელით დასწოლია და როგორც სურათზეა, დაახლოებით იმ მდგომარეობაში დაუტოვებია.

მალე სახლში მამამისი – გიორგი შავგულიძეც დაბრუნებულა, გაფუჭებული ფიგურა უნახავს და ისე მოსწონებია, რომ შვილისთვის სიტყვა ჩამოურთმევია, რომ მოვკვდები, ჩემს საფლავზე სწორედ ამგვარი ქანდაკება დადგიო.

ნურადინს თურმე გასცინებია და უთქვამს, – შენ რა მოგკლავს, მამა, მთელი ცხოვრება წინ გაქვს და რომ დაბერდები, მე უკვე სახელგანთქმული მოქანდაკე ვიქნებიო.

მოკლედ, ბოლოს მაინც მიუცია სიტყვა მამისთვის და გიორგიც თურმე ხშირად უმეორებდა და უმეორებდა, რომ ეს ქანდაკება მის საფლავზე დაედგა…

ეს შემთხვევა 1958 წელს მოხდა. ერთი წლის შემდეგ კი გიორგი შავგულიძე ტრაგიკულად დაიღუპა.”