20 ნოემბერი, 2020

ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიხეილ ჯავახიშვილზე

მწერალ მიხეილ ჯავახიშვილზე და მის უმძიმეს ცხოვრებაზე თითქმის ყველაფერია ცნობილი, თუმცა არის დეტალები, რომლებიც საზოგადოებას მოქანდაკე ირაკლი ჟვანიამ გააცნო:

“ყირიმში სწავლისას, 1900 წლის იანვარში, მისმა ქართველმა მეგობრებმა საქართველოდან ამანათი მიიღეს. ტკბილეულობა და ხილი გაზეთში იყო გახვეული, ფურცლებზე კი 1899 წლის 27 დეკემბრის კრიმინალური დანაშაულის შესახებ წერდნენ. მიხეილ ჯავახიშვილმა სწორედ ამ ფურცლებიდან შეიტყო მის ოჯახზე დამტყდარი უბედურების შესახებ. მათ სახლში შევარდნილმა არაკაცებმა მიხეილის დედა და და მოკლეს. მცირე ხანში კი მამა დარდს გადაჰყვა. მიხეილ ჯავახიშვილი ამ ამბის შემდეგ საკუთარ დედულეთში და სახლში ვეღარ ჩერდებოდა. ტრაგედიამ მის მოღვაწეობას წარუშლელი კვალი დაასვა.

ჯავახიშვილი ბევრ კოლეგას არ უყვარდა მისი გამორჩეული თვისებებიდან გამომდინარე, ამიტომაც ებრძოდნენ მწერლები.

მწერალი არაჩვეულებრივად თამაშობდა კარტს, კოლეგებს ხშირად უგებდა. ერთხელ, ერთ-ერთმა მოთამაშემ ვეღარ მოითმინა და ამოხეთქა: „რა არის, ბატონო მიხეილ, მწერლობაშიც გვჯობნით და კარტის თამაშშიცო!”…

ჯავახიშვილი 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით დააკავეს. მან ხუთი თვე გაატარა ორთაჭალის ციხეში და ამ ხნის განმავლობაში მისი 15 მეგობარი და თანამოაზრე დახვრიტეს.

ბერიამ ჯავახიშვილს პირდაპირ მოუწოდა, თქვენი ყოფაქცევა უნდა გადასინჯოთო, თუმცა მწერალი „გადასინჯვასა” და აზრის შეცვლას არ აპირებდა, უკვე გვიანიც იყო, თავის ნაწარმოებებში ყველაფერი ნათქვამი ჰქონდა.

მწერლის ქალიშვილები ხშირად ამბობდნენ, მიხეილ ჯავახიშვილი ერთხელ მაინც რომ მისულიყო ბერიასთან და თავისი პატივისცემა დაედასტურებინა, აუცილებლად გადარჩებოდაო…

როგორც ცნობილია, სტალინმა მიხეილ ჯავახიშვილი, მოსკოვში, წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. სტალინის სამაგიდო წიგნი „არსენა მარაბდელი” იყო. ბერიამ ჯავახიშვილი ისე დაახასიათა, სტალინს უთქვას: „ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი” და ფაქტების გადაუმოწმებლად ჯავახიშვილს დახვრეტა მიუსაჯა.

ლავრენტი ბერია ასე სასტიკად არცერთ მწერალს არ მოქცევია. მისი ბრძანებით მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ მოკლეს, ერთხელ სულიერად და მეორედ ფიზიკურად. ასე ახასიათებდა ბერია ჯავახიშვილს: „სამწუხაროა, რომ ასეთი რანგის მწერალმა ასეთ სამარცხვინო საქმიანობას მიჰყო ხელი. ის სამშობლოს მოღალატე და ჯაშუშია.”
მწერალს უამრავი საშინელება დააბრალეს, თუმცა ის სასოწარკვეთილებაში არასდროს ჩავარდნილა. სულ ამბობდა: „ეგენი ვერ მომერევიან, მსხვილი ძვალი მაქვს და ყელზე დავადგები…”

მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის აგვისტოში დააპატიმრეს და შინსახკომის ბნელ სარდაფში გამოკეტეს. ის შემოდგომაზე დახვრიტეს და მწერლის არქივიც გაანადგურეს.

რამდენიმე ათეული წელია საბურთალოზე, ბუკიას ბაღთან დევს ქვა, რომელსაც აწერია “აქ აღიმართება მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლი”… ვერ აღიმართა აქამდე. ვერ მოიცალა ქართველობამ ამისთვის ათეული წლებია, ძეგლი ვერ აღმართენ 50 წლის მანძილზე. მაგრამ აღმართავენ ალბათ, რამოდენიმე ათეულ წელიწადში, როდესაც მოიცლიან. ალბათ….”