5 ოქტომბერი, 2020

ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძურის ორენოვანი კატალოგი

ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძური ორენოვანი კატალოგში გაერთიანდა. 260-გვერდიანი ფერადი გამოცემა 200-ზე მეტ ფოტოს და 100-ზე მეტი ჯვარ-ხატისა და სიწმინდის აღწერილობას აერთიანებს.

ინფორმაცია ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა:

“ეს იყო არაერთი თაობის ნატვრა, ეს ნატვრა დღეს რეალობაა. საქართველოს ხელოვნების სასახლის ეგიდით ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძურის შესახებ უნიკალური წიგნი გამოიცა. 260-გვერდიანი, ფერადი, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ორენოვანი კატალოგი, რომლის ავტორია ამ საგანძურის შესანიშნავი მკვლევარი ლილი ბერაია.

წიგნი მომზადდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, დაიბეჭდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის თანადგომით. წიგნის რედაქტორია თქვენი მონა მორჩილი.

კრებულში შევიდა 200-ზე მეტი ფოტო, 100-ზე მეტი ჯვარ-ხატისა და სიწმინდის აღწერილობა, 200-ზე მეტი წარწერა. კრებულს ერთვის პალეოგრაფიული ალბომი, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა აღწერილობა.

კატალოგის გამოცემისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, ზუგდიდის დადიანების სასახლეს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს, ხელოვნების სასახლეს.

წიგნის პრეზენტაცია მალე გაიმართება ზუგდიდსა და თბილისში!”