29 ოქტომბერი, 2020

უშანგი ჩხეიძის და გიორგი შავგულიძის უცნობი ისტორია

მსახიობების უშანგი ჩხეიძის და გიორგი შავგულიძის უცნობი ისტორია სპექტაკლში “ყვარყვარე თუთაბერი” ვითარდებოდა.

ამ ამბავს გიორგი შავგულიძის მეუღლე – მსახიობი ლიზა ვაჩნაძე თავის მოგონებებში იხსენებდა:

“ყვარყვარე თუთაბერში” უშანგი ჩხეიძის პარტნიორი გახლდით. ჟორას რევოლუციონერის როლი ჰქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ბატონი უშანგი ჩემს გმირს მუხლებზე ისვამდა და ხვევნა-კოცნას უწყებდა. კულისებში მდგომი გიორგი ბოლოს უნდა გადმომხტარიყო და ყვარყვარე განზე გაესროლა.

როგორც კი ბატონი უშანგი მუხლზე დამისვამდა, გიორგი რეპლიკას აღარ ელოდებოდა და სცენაზე ხტებოდა. მის გამო სცენა რამდენჯერმე გამიფუჭდა. ერთ დღესაც ვთხოვე, ეს აღარ გაეკეთებინა. ჟორამ მიპასუხა, კარგი, ბატონო, დაგაცდითო.

იმ საღამოს სცენამ კარგად ჩაიარა, რეპლიკაც ითქვა, მაგრამ შავგულიძე აღარ გამოდიოდა. ყველამ რომ დაუძახა, გადმოხტიო, მერე გადმოხტა. ჩვეულებრივზე მრისხანედ ისროლა უშანგი იქით, მე კი – აქეთ.
რეპეტიციის ბოლოს უშანგიმ ჰკითხა, გადმოხტომა რატომ დააგვიანეო. ჟორამ ნიშნისმოგებით გადმომხედა და უპასუხა: “ამან მთხოვა, გვაცალე ალერსიო და…”

უშანგი მიხვდა, რომ სცენური რომანი ჩვენს პირად ცხოვრებაში იყო შემოჭრილი.”