17 ოქტომბერი, 2020

უნიჭიერესი თამუნა ქობულაშვილის უდიდესი განსაცდელი

სამკაულების დიზაინერი თამუნა ქობულაშვილი ძალიან დიდი ხანია ძალიან ლამაზ ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებს, გულსაბნევებს ამზადებს.

მისი ნამუშევრები სამკაულების მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მასალა ბუნებრივი ქვებია: ვეფხვის თვალი, ცოიზიტი, იასპი-იაშმა, სადაფი, ციტრინი, ავანტურინი, ვარდისფერი კვარცი.

ნამუშევრების გასალამაზებლად ხელოვანი იყენებს ხელოვნური ქვას, ფერად მინას, სუტაჟის თასმასა და მეტალებს.

პირველი პერსონალური გამოფენა 2012 წელს გალერეა “ვაჩე”-ში ჰქონდა და მას შემდეგ სხვადასხვა გამოფენებში სისტემატურად მონაწილეობს.

ახლა თამუნასთვის ყველაზე რთული ეტაპი დგას – ის ექიმთან მისასვლელ ფულს აგროვებს და როგორც მისი მეგობრები აღნიშნავენ, ხელოვანს რეალურად აქვს შანსი 10-წლიანი უშვილობის მოლოდინი დაასრულოს:

“ჩვენთან ხომ სასწაულები ხდება? ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას. ჰოდა, დარწმუნებული ვარ, ამ ერთი მაგარი გოგოს ამბავსაც გულთან მივიტანთ და უყურადღებოდ არ დავტოვებთ.

ეს ადამიანი ჩემს მიერ ორგანიზებულ ხელნაკეთი ნივთების ერთ-ერთ გამოფენა-გაყიდვაზე გავიცანი. ძალიან ლამაზ სამკაულებს ქმნის და როგორც კი ნამუშევრები ვნახე, მაშინვე დავთანხმდი, მონაწილეობა მიეღო. თავისი სამკაულებივით ნაზი, თბილი და ტკბილი ადამიანი აღმოჩნდა თვითონაც.

ახლახანს გავიგე, რომ თამუნა უკვე 10 წელია გათხოვილია და შვილი არ ჰყავს… ჯერ ტყუპებზე იყო ორსულად და გულისცემა არ არისო – მოაშორეს ნაყოფი. მერე 2 გარე ორსულობა… შემდეგ არასწორი გამოფხეკა და მედ. პერსონალის დაუდევრობით გაუბედურებული ორგანიზმი, რომელიც ხელოვნურ განაყოფიერებას აღარ დაემორჩილა და 10 წელი ნაკოწიწები 16000 ლარი, პურის ფულსაც რომ იკლებდა, ასე წყალში გადაყრილი აღმოჩნდება, თუ ახლა სასწრაფოდ არ მიაშველებს მომდევნო პროცედურას, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო დასჭირდა…

ხალხო, აი, 1 ლარი ხომ არავის დაგვენანება და მისთვის კიდევ რამხელა მადლი და რამხელა სიკეთეა წარმოგიდგენიათ?! ძალიან მწამს და მჯერა, რომ არ დავტოვებთ ამ ამბავს ასე და გასაჭირში არ მივატოვებთ ადამიანს.

ვიცი, ზოგი გაიფიქრებს, ხალხი სიცოცხლეს ებრძვისო და შენ აქ რეებს ლაპარაკობო, მაგრამ სიკეთე ხომ სიკეთეა?! რა მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის შესანარჩუნებლად დაუდგები ადამიანს გვერდით, თუ ახალი სიცოცხლის მოსავლენად?! მითუმეტეს, რომ ეს გოგო ახლა ისეთ საშინელ მდგომარეობამდეა მისული, გამოდის, რომ 2 სიცოცხლეს ერთად ვიხსნით.

მის ანგარიშის ნომერს ვწერ პოსტის ბოლოს და ვანახოთ ამ ერთ კეთილ, თბილ და კარგ გოგოს, რომ ცხოვრება უსამართლო არაა და თავისი სიკეთისთვის სამყარომაც სიკეთით უპასუხა.

GE97BG0000000652342300 – საქართველოს ბანკი
GE61TB7805845061100041 – თიბისი ბანკი
579 882 123 თამუნა ქობულაშვილი

ან შეიძინეთ მისი ნამუშევრები, გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები და  დაეხმარეთ თამუნას სანატრელი ოცნების ასრულებაში.