31 ოქტომბერი, 2020

თამაზ ჭილაძის რექვიემი

მწერლისა და პოეტის თამაზ ჭილაძის რექვიემად შეიძლება ჩაითვალოს მისი ერთ-ერთი ლექსი “განკითხვის ჟამი”, რომელიც შემოქმედის აღსარებას უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალოდ ლექსს:

,,როცა დადგება განკითხვის ჟამი,
გაწყვეტილ გზების, მეწამულ ბინდის,
შემოიტანენ უფალთან ჯამით
ჩემს სისხლს და ცრემლებს, გულსა და სინდისს.

თუ მათქმევინა უფალმა სიტყვა,
მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი,
მადლობას რისთვის მიხდიო, მკითხავს,
გაკვირვებული დარჩება ღმერთი.

მადლობელი ვარ, უფალო, რადგან
არ მომაკელი ცეცხლი და კუპრი,
ჩემით ვსწავლობდი ფრენას თუ ფართხალს
და არა მხოლოდ წყალობით უფლის.

მიყვარდა, მძულდა, სამშობლო მქონდა,
თიხა ვიყავი, მაგრამ ვმღეროდი
და წუთისოფლის ჭრიალა ბორბალს
კბილით ვათრევდი ცისკრის წვერომდი.

მადლობელი ვარ, უფალო, რადგან
მაჩუქე სიტყვა ბასრი და წრფელი,
მეხვია მტერი და ყველა მათგანს
მაინც სიცოცხლე ერჩია ჩემი.””

ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი:

“ამ ლექსს წელი არ უწერია. რა იყო ეს – დასასრული? რექვიემი? თუ მისი პოეტური შედევრების ყველაზე სუფთა, ყველაზე კამკამა, ადამიანობისა და კაცობის შეფასებისა და გადაფასების ამოძახილი?

…სიღნაღში, სადაც მათი პაპის სახლთან თუთის ხე იდგა, მასზე ყოფილა ამოკაწრული სახელები: ,,ოთარი” და ,,თამაზი”. დღეს ესეც რელიქვია იქნებოდა, თბილზე თბილი, ტკბილზე ტკბილი… და …ხელით მოსაფერებელი…”