სამარცხვინო სასამართლო ვახტანგ ჭაბუკიანისთვის

სამარცხვინო სასამართლო ვახტანგ ჭაბუკიანისთვისბალერონი ვახტანგ ჭაბუკიანი ნამდვილი მოვლენაა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო საბალეტო ხელოვნებაში.

მისი პიროვნება სულ სხვაგვარად და ყველაზე ორიგინალურად დათო სიმონიამ წარმოგვიდგინა:

“დიდი ხანია მასკულინური დისკურსი დომინირებს მსოფლიო პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურასა თუ ჩვეულებრივი ადამიანების უბრალო რუტინაში. ზოგი ამ მძლავრ ნაკადს უჯანყდება და მათ ამბოხში იმაზე მეტი ვაჟკაცობაა, ვიდრე ნებისმიერ, ყველაზე მასკულინურ კაკაფონიაში. ვახტანგ ჭაბუკიანი, თავისი, თითქოს ყველაზე ფემინური სფეროთი, ამ ჯანყის საუკეთესი მაგალითია.

ღარიბ ოჯახში დაბადებული, დაგვიანებით ეჭიდება ბალეტს. მისი შემართება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, მალე მთელი რეგიონის მზერა მიიპყრო.

როცა დასავლეთმა კომუნიზმის კულტურა დათვის ტყაპუჭებში გახვეულ „მუჟიკებს“ შეადარა, საბჭოეთმა იშვიათი გამონაკლისი დაუშვა და საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად ჭაბუკიანს რკინის ფარდა გაუხსნა. აქედან მოყოლებული, სცენაზე არწივივით მფრინავი ბალერონით მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია.

მას თანამშრომლობისთვის იწვევენ საზღვრებს გარეთ, სთავაზობენ მზა კარიერას, მაგრამ არტისტი ირჩევს საქართველოში პროფესიული საბალეტო სკოლის ნულიდან დაარსებას. უბადლო ცეკვის გარდა, ჭაბუკიანი ლიდერობის შესაშურ თვისებებს ამჟღავნებს და ამოცანას წარმატებით ართმევს თავს. სხვადასხვა ქვეყნებიდან თბილისში ჩამოჰყავს მენტორები, ქართველ კომპოზიტორებს უკვეთავს მუსიკას დადგმებისთვის და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს სინატიფის ტაძარს.

მადლობის ნიშნად, 70-იან წლებში მოუწყვეს სასამართლო, სადაც დაადანაშაულეს ოპერისა და ბალეტის თეატრის დაწვაში, საბოლოოდ კი ჩამოაცილეს თავისივე აშენებულ სამყაროს.

მიუხედავად პოლიტიკური ინტრიგებისა და ჭორებისა მის სექსუალობაზე, ეს პერსონაჟი ხალხში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა. სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან, როცა ადამიანები ქვეყნისთვის გაღებულ ამდენ მსხვერპლს, შემართებასა და საქმის სიყვარულით შესხმულ ფრთებს ხედავს, მასკულინურობა თუ ფემინურობა მეორეხარისხოვანი ხდება. მთავარი ის შინაგანი ცეცხლია, რომელიც დაუღალავი ბრდღვიალით სხვებს ცხოვრებას უნათებს.”