13 ოქტომბერი, 2020

საბედისწერო 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავასთვის

პოეტისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისთვის მერაბ კოსტავასთვის 13 ოქტომბერი საბედისწერო დღე აღმოჩნდა. იგი სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

ეროვნული გმირი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ მერაბ კოსტავას ლექსით გაიხსენა:

“1989 წლის 13 ოქტომბერი არც “ელვარე” ყოფილა, არც “ლომფერი”. ჩვენთვის ეს ფრთებჩამოყრილი დღეა, მისი განწყობა შეიძლება გამოიხატოს ილიას საფლავზე მგლოვიარე საქართველოს დედობრივი ფიგურით. ამ დღეს ბორითის კატასტროფის შედეგად საქართველო, ეროვნული მოძრაობა, თითოეული ჩვენთაგანი დატოვა მერაბ კოსტავამ და უკვდავთა საუფლოში გადაინაცვლა.

იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს

არსთა გამრიგემ არ გაიმეტოს
ვინც სამყაროთა თვალის ჩინია,
ადამიანო, შენდა იმედად
ღაღადებს სიტყვა „ნუ გეშინია“.

ზეცამ ძუძუდან არ მოგიკვეთა,
ყოველი არსი შენთვის ხმიანობს,
ვაგლახად სასო არ წარიკვეთო,
ვინძლო სული არ დაიზიანო.

ფათერაკს მკერდით გადაუდექი,
მოძმეთ იმედი არ წარუხოცო,
ადამიანო, იყავ უდრეკი,
იყავ უშიში, ვითა უხორცო.

სტიქიონების ველურ თარეშში
სულის სიმტკიცე გმართებს მალული,
რადგან ვაჟკაცურ გზნების გარეშე
არ არის ქვეყნად არც სიყვარული.

როცა წინასწარ თქმული ახდება,
როცა სამყარო ფაფარს აიშლის,
განსაცდელს მშვიდად თუ არ დახვდები,
როგორ იწოდო პირმშოდ ქარიშხლის.

ნაჭუჭის კაცად ნუ გადიქცევი,
თორემ დინება წაგლეკს, გაგრიყავს,
სტიქიის რისხვას თუ გაექცევი,
რაღას დააკლებ ცხოვრების გრიგალს.

უტეხის რწმენით შენ არ წარწყმდები,
დააცხრობ ღელვას, დათრგუნავ ქარებს,
სად თანაგრძნობა ვერას გახდება,
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს.”