15 ოქტომბერი, 2020

როგორ ლექსებს მიუძღვნიდნენ პოეტები კოვიდ 19-ს?

მსახიობმა და პოეტმა ნიკუშა ფაიქრიძემ კოვიდ 19-ის თემას ცნობილი პოეტების მუხრან მაჭავარიანის, ლადო ასათიანის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის ცნობილი ლექსების სტროფები მიუსადაგა და “919“ უწოდა:

“რაის პირბადე ან დისტანცია,
მე ქართველი ვარ,
არ მაქვს სანქცია…

პირბადე ჩქარა…
პირბადე ჩქარა…

უკოვიდობა სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს –
წყარო ანკარა…

თავს არ მოიკლავს ქართველი არაააა,
ის შეიძლება კოვიდით მოკვდეს….

ჩუმად!!!

ჩუმად, ერი ღელავს,
რა ძალაა მის მკაცრ ხმაში…

არსად ისე არ “კიდიათ”
როგორც აქ, ამ ქვეყანაში…
არსად,
არსად არ არსებობს
პირბადესთან ქცევის წესი,
ვერსად ვერვინ გაგაკვირვებს,
კაცია თუ გნებავთ ქალი,
როგორც ლერწამ პერსონები,
აქ,
ამ წარმტაც ქვეყანაში….

თუ ჩემი ძმა ხარ,
ერთიც მითხარი,
სულ რამდენი გვყავს დღეს სიცხიანი?!

ტა, ტა, ტა, ტააა,
რანაირად ბრდღვინავს კოვიდი,
ხო, ხო, ხო,
ქალაქს როგორ ურთულდება ხსნა,
არა,
სხვისი მისაბაძი,
რა გვჭირს თუარა კი…..

და მეეტლევ,
თუ ვაქცინა არ გვეღირსა გენაცვალე,
გააქანე ეგ ცხენები,
სადმე შოორს,
შორს წამიყვანე…

გაჩხერილი ვარ ქვებში კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
უკვე პიკშია,
მძლავრობს ვირუსი,
ვგრძნობ უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები…

ნეტავ,
სადა აქვს ამ კოვიდს ბოლო,
ვინ მოგვცემს ამდენ
სუფთა ლოგინებს,
სჯობს აღარ გვქონდეს სულაც სამშობლო,
თუ ერთმანეთის სიკვდილს ვაპირებთ….

პირბადე ჩქარა!!!
პირბადე ჩქარაა!!!

რადგან სიცოცხლე ასე გვჭირია,
რადგან დრო არის შორიდან სალმის,
დისტანცია და ცხვირზე პირბადე,
არის რეცეპტი ხანგრძლივი ყოფნის…

თუ ჩემი ძმა ხარ,
კიდევ მითხარი,
სულ რამდენი გვყავს დღეს სიცხიანი?

919 ….
919 ….
919…
919 …

მე …. (რავა რა იყო?)”