რა ხდება რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით?

რა ხდება რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით?მწერალ რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხაშმში მიტოვებული და გაპარტახებული კარ-მიდამო მოწესრიგდებოდა და სახლ-მუზეუმად გადაკეთდებოდა.

მწერლის მშობლიური სახლის მოწესრიგების საკითხი ჯერ კიდევ 2014 წელს გურამ ოდიშარიას კულტურის მინისტრობის დროს დადგა.

– თუ იცით, რა ხდება ამ ფაქტთან დაკავშირებით? – უკითხულობს პოეტი თემო ჭახნაკია:

“პირველად გურამ ოდიშარიას ინიციატივით დაიძრა ეს თემა, მაშინ კულტურის მინისტრი გახლდათ და 2014 წელს ჩასული იყო სოფ. ხაშმში, მოინახულა რეზო ინანიშვილის 1995 წლიდან მიტოვებული და გაპარტახებული ეზო-კარმიდამო და სახლი.

სამწუხაროდ, მას არ დასცალდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, საყდრისის ოქროს უძველეს მაღაროსთან დაკავშირებული ამბების გამო, გურამ ოდიშარიამ პოსტი დატოვა იმავე წელს და სულგაყიდული გიორგაძე დაინიშნა მის პოსტზე.

საგარეჯოს კულტურული ობიექტების გაერთიანების დირექტორი ბესო ღვინაშვილი 2014 წელს ამბობდა: რევაზ ინანიშვილის სახლს მალე სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭება, რის შემდეგაც სახლ-მუზეუმზე კულტურის სამინისტრო იზრუნებსო.

5 წელი მიაჩუმათეს ეს თემა…

2019 წელს ახალი განცხადება გავრცელდა, სადაც ამბობდნენ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის პროექტირების თანხები და 2019-2020 წლებში რევაზ ინანიშვილის მემორიალური, სამუზეუმო სივრცის მოწყობა სოფელ ხაშმშიო.

ახლა 2020 წელია, 3 თვე დარჩა მომავალი წლის დასაწყისამდე, დაწყებულია სახლ-მუზეუმის მოწყობა?

გამიხარდება თუ ოდესმე ვიხილავთ ამ მუზეუმს, ისე გამიხარდება, როგორც ჩოხელის შესანიშნავი სახლ-მუზეუმის აშენებამ გამახარა. უნდა დავაფასოთ ჩვენი დიდი მწერლები, ყველას სახლ-მუზეუმი უნდა მოეწყოს!

პ.ს. ალექსანდრე ელერდაშვილი, რომელიც იკვლევს რეზო ინანიშვილის შემოქმედებას, თავმოყრილი აქვს ჩვენი სასიქადულო ნოველისტის ყველა მხატვრულ-პროზაული ტექსტი, მგონი 600-ზე მეტია და იმედია გამოიცემა ერთი დიდი ფორმატის წიგნად, რომლის პრეზენტაციას ვისურვებდი მისივე სახლ-მუზეუმში.”