ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მსახიობი ზურა ყიფშიძე მოდელი იყო და პოდიუმზე გამოდიოდა.
თუმცა მოდელობას წინ ჰიპობა უძღოდა – მოშვებული თმები, გაცვეთილი ჯინსები, ასხმული ჯინჯილები….
ახალგაზრდობის ეს ეტაპი ზურა ყიფშიძემ რეზო შატაკიშვილთან გაიხსენა:
“მე და თემურ ჩიხლაძე ნამდვილი ჰიპები ვიყავით. ახლა ძაან ნამდვილი როგორ ვიქნებოდით, მაგრამ ვცდილობდით რომ გარეგნულადაც და შინაგანადაც ასე გვეცხოვრა. რაღაცა სიმყუდროვისა და თავისუფლებისთვის მიგვეღწია.
ლენა საშინლად მტკივნეულად ხვდებოდა ამ ამბავს. დაიბნა, ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე – მოშვებული თმები, მეორე ლოყის მიშვერა, რაღაც ბეჭდები, საყურე არა, მაგრამ რაღაც ჯინჯილები, გაცვეთილი ჯინსები, ჩუმი ლაპარაკი, სულ სხვა მუსიკა… ქალი გადაირია, რაღაც საშინელებაშია ჩემი შვილი, რაღაც სექტანტი ხდება…
ლენას ბრალი იყო მილიციაში რომ მოვხვდით. ლენამ, ჩემმა “ტიოტკებმა”, ბიძაჩემმაც, მოილაპარაკეს რომ მოდით რაღაც გავაგებოინოთ სახელმწიფოს მოხელეებს და სამართალდამცავებს… მოგვადგა “ვარონკა”, ყველა გაიქცა და მე და თემურ ჩიხლაძე შევრჩით ხელში. თემურიმ იქ ისეთები მოარტყა, ესაო, ისაო, პროტესტიო, მილიციის უფროსი გაგიჟდა ოღონდ არ იყოს ბუნტი! რის წინააღმდეგ გამოდიხართო, გვკითხა, თემურმა უთხრა, ამერიკის აგრესიის წინააღმდეგ ვიეტნამშიო. რაღაც სისულელეები მოთხარა, დაახეთქა, პირველ მაისს პრასპარანტებით ვაპირებდით გამოსვლასო. არადა რა ტრანსპარანტები, რის ტრანსპარანტები, მილიციის უფროსი მთლად გადაირია, თქვენ ვიღაც გმართავთ ზემოდან, ანტისაბჭოთა ელემენტიო. მილიციიდან ისევ ლენამ გამოგვიყვანა, მე მივხედავო. მილიციის უფროსმა გამოგვიშვა და ლენას თემურზე აფრთხილებდა, ამას არ გააკაროთ თქვენი შვილიო…
მერე დაიწყო მოდელობის ეტაპი – პოდიუმი, ლამაზ გოგონებთან ერთად კულისებში დგომა, სხვადასხვა ქალაქებში გამგზავრება…
“პირველი მანეკენი ვიყავი თუ არა არ ვიცი, მაგრამ მაშინ არ იყო მიღებული, რომ კაცი გამოვიდეს და ქალებთან ერთად აჩვენოს მოდა. სურათებია შემორჩენილი ძალიან სასაცილო, სად არის ვერ ვპოულობ, პოზებში რომ ვდგევარ.
სკოლის მოსწავლე ვიყავი მანეკენობა რომ დავიწყე. დამიძახეს მოდელების ჩვენებაზე და მეც დავდიოდი ვილნიუსში, მინსკში, კიევში, მოსკოვში, რა ვიცი, სად აღარ… აზრზე ხარ, მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ იმ ჩვენებებზე ლამაზი ქალები, მანეკენშიცები, ეს რა კარგი იყო იცი? მერე, ტრამვის გამო ჩამოვშორდი პოდიუმს, მაგრამ ინსტიტუტი რომ დავამთავრე ისევ მივუბრუნდი პოდიუმს. უკვე ცოლიც მყავდა, შვილიც. მე, ჩემი ცოლი, ქეთი ქობულია, ნანა კობერიძე დავდიოდით მოდელების სახლში გიზო ბერაძესთან. მოდელები კეთდებოდა საფრანგეთისთვის, თურქეთისთვის, ავსტრიისთვის, მართალია მანდ არსად არ წამიყვანეს, მაგრამ მოსკოვში ძალიან ბევრს ვმუშაობდი, “ნატვრის ხე” უკრავდა და ჩვენ ვაჩვენებდი მოდელებს, ასე რომ ჩემს მანეკენურ “კარიერაში” ორი პერიოდი იყო, ერთი ბავშვობაში, მერე დიდობაში…
მერე ჩხუბში მოვყევი, ფანჯარაში მომიხვდა ფეხი და გადამეჭრა აქილევსის მყესი. ედიშერ მაღალაშვილმა გადამარჩინა, გამაქანა პოლიკლინიკაში, სადაც მთვრალი მორიგე დაგვხვდა, კინაღამ მოკლა ედიშერმა, მერე გამაქანა ტრამვატიოლოგიურში და იქ ბედად დამხვდა ახალგაზრდა ექიმი ბიჭი, რომელსაც ნამუშევარი ჰქონდა აქილევსის მყესზე. იმან გადამარჩინა, თორემ სერიოზულად იყო საქმე. წელიწადნახევარი სახლში ვიყავი, ჩირქი მდიოდა, ჭრილობის გარშემო ტროფიული წყლული მქონდა, ყავარჯნებით დავდიოდი, საერთოდ ეგონათ, რომ მოსაჭრელი გამიხდებოდა ფეხი, მაგრამ იმ ბიჭმა გადამარჩინა. სხვათაშორის, ის ბიჭი მერე მოსკოვში ვნახე, თვითონ მიცნო, მიღიმოდა, გამიკვირდა, რა იყო-მეთქი და მე თქვენს ფეხზე დისერტაცია მაქვს დაცულიო…”