14 ოქტომბერი, 2020

მეძავის მხურვალე ლოცვაზე დაწერილი გალაკტიონ ტაბიძის შედევრი

გალაკტიონ ტაბიძეს ტყუილად არ უწოდებდნენ “პოეტების მეფეს”. მას შეეძლო ყველაზე უბრალო შემთხვევაც კი თავის გენიალურ ლექსებში სულ სხვაგვარად გაეცოცხლებინა.

გალაკტიონი ამტკიცებდა, რომ ადრე მეძავებს ასეთი წესი ჰქონიათ: დილით ადრე მიდიოდნენ ეკლესიაში და ღამის ცოდვებს ინანიებდნენ. თავად პოეტი შეესწრო ერთ-ერთი მეძავის მხურვალე ლოცვას და სწორედ ამ შემთხვევამ დააწერინა ცნობილი ლექსი “დედაო ღვთისავ! მზეო მარიამ!”

“დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი.
ჩემი ცხოერების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა –
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, –
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!”