26 ოქტომბერი, 2020

ლიკა ქავჟარაძე მარიტაზე

“ბედნიერი ვარ, მარიტას ნუ მადარებთ, ბევრი სიხარული მაქვს და ნუ მატრაგიკულებთო,” – ამბობდა ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე და თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხის” გადაღებებს იხსენებდა:

“ნატვრის ხეს” დიდი პოპულარობა მოჰყვა. მაშინ 15 წლის ვიყავი, ძალიან პატარა და უცებ თეირანში აღმოვჩნდი ფესტივალზე. რაღაცეები შევიკერე, რაღაცეები ვითხოვე მეგობრებისგან, გამოვიპრანჭე და წავედი.

არ ვიცი საიდან გაიგო თენგიზმა, მაგრამ იქ ყოფნისას მითხრა, მგონი შაჰის შვილს უნდა შენი მოტაცებაო. მე შემეშინდა, მართლა შემეშინდა… მე ხომ შეყვარებული არც მყოლია. არ ვიცი რატომ, არასდროს მაინტერესებდა ეგ ამბავი.

ღამის 4 საათი იქნებოდა. ვიწექი და თომას მანს ვკითხულობდი. ის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარელესი ავტორია. უცებ კარზე ჩხაკუნი გავიგე, თითქოს ვიღაცა აპირებდა გაღებას. ღმერთო, როგორი კივილი მოვრთე… თენგიზს დავურეკე. საწყალი თენგიზი. როგორც კი რამე არ მომეწონებოდა, ვურეკავდი, მიშველე-თქო…”