ლექსები სვეტიცხოველზე

ლექსები სვეტიცხოველზექართულ ეკლესიათა გვირგვინს – სვეტიცხოველს ლექსი არაერთმა პოეტმა მიუძღვნა:

ირაკლი აბაშიძე – მცხეთა

თუ ყველაფერი არის სიზმარი,
თუ ბინდის ფერი არის ყოველი,
მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი?

რატომ ელვარებს უძველეს ქვაში
სამთავროს სვეტი მცირე და დიდი
ან ზედ ქალაქთან შეგუბულ მტკვარში
რატომ ჩანს ისევ პომპეის ხიდი?

მე დაგანახვებ არმაზის მხარეს –
კედლებს, ნანგრევებს, მკვდარ ნაქალაქევს,
სადაც არაგვის უძლეველ მთავრებს
სძინავთ – ჩვენს ძველთა ძვალშესალაგებს.

და გაგახსენებ იმ დღეებს, როცა
მცხეთას ზღაპრული გახსნეს თაღები,
და ჩვენს წინ, როგორც მეორედ მოსვლა,
აღსდგნენ არმაზის სარკოფაგები.

ჩვენ აღტაცებით დავცქერით განძებს,
აკლდამის ქვებში მარჯვედ ჩასმულებს:
საოცარ თვლებით მოჭედილ თასებს,
საოცარ თვლებით ნაჭედ სასმურებს,

სურებს, გვირგვინებს, ლარნაკებს, ხონჩებს,
კვლავ ცოცხლობს რაღაც უცნობ წამალით…
(თუმცა ამაოდ ვეძებდით ჩონჩხებს –
ქვებში არ ჩანდა ძვლის ნატამალიც)

და მე ვფიცავდი თავსა და სინდისს,
ამ უცხოდ ნაჭედ განძის მპოვნელი,
რომ ყველაფერი არ არის ბინდი,
რომ არც სიზმარი არის ყოველი.

რომ, იქნებ, მათაც, მიწიდან ახლა
ამ ძვირფას თვლებით რომ შემოგვხედეს,
სიზმრად მიაჩნდათ ყოველი ქვეყნად,
ამ უკვდავ განძის ძველ შემოქმედებს.

ჩვენ კი დღეს სწორედ, ჩვენ კი დღეს სწორედ,
ათას წელს ქვებში მოწმედ დებულებს,
ათას წლის შემდეგ მაღლა ვწევთ სურებს,
სასმურებს, მათგან მოწოდებულებს.

არა, არ წაგყვეს, არ წაგყვეს ჯავრი, –
თუ ბინდის ფერი არის ყოველი,
რატომ დგას, რატომ დღეს მცხეთის ჯვარი
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი!

 

მუხრან მაჭავარიანი – “საქართველო და… უსვეტიცხოვლო?”

სვეტიცხოველი
ნუთუ მართლა არ იყო ერთდროს?!
„ – ჰე, ღმერთო, – ერთო!“ –
ნუთუ მართლა არ ჟღერდა ერთდროს?!
მემატიანეს ვენდოთ?!

საქართველო და, –
უსვეტიცხოვლო?!
საქართველო და, –
უალავერდო?!

საქართველოა,
რა საქართველო?! –
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო?!

არყოფილს ერთდროს
არ ასცდება არყოფნა თუკი! –
ვით ბრძანებს ანი,
ლაპარაკობს როგორც მარდუკი.
ერთხელ რომ იდგა, –
იხელახლებს იმგვარი დრო და…
სადღაა შენი
ალავარდი,
გელათი,
შოთა!..

სვეტიცხოველი
ნუთუ აღარ იქნება როსმე?!
„ – ჰე, ღმერთო, – ერთო!“ –
ნუთუ აღარ იჟღერებს როსმე?!
არყოფნის ნუთუ
არყოფილი მართლაა მოძმე?!
ეს რომ ასეა,
მზეა ნუთუ ამისი მოწმე?!

საქართველო და, –
უსვეტიცხოვლო?!
საქართველო და, –
უალავერდო?!

საქართველოა,
რა საქართველო?!
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო?!

 

გალაკტიონ ტაბიძე – მცხეთიდან

სვეტიცხოველში ხვალ იქნება დიდი მცხეთობა,
მაგრამ, შეხედე, სად დამდგარა ძველი დიდება.
ვინ ააშენა იმ სიმაღლეს? რა პოეტობა
შესძლებს გადმოსცეს იმა დღეთა გაბედითება?

ახლა ვიღაცა გულმოდგინედ იქ გზას აკეთებს,
გამოქვაბული ქალაქები რომ ისევ ნახოს.
ქვევით კი, ქალი ახალგაზრდა, როგორც ნაკვეთებს,
შავით მოსილი, მწუხარებით მიჰყვება ახოს.

ჩვენ გავიარეთ შიო მღვიმის ვრცელი ბაქანი,
მტკვარზე შორიდან დავინახეთ, მიდის ტივები,
და ისევ მთები… მეჩეთია ეს თუ საკანი?
თუ მოგონებათ დაკარგული ნეგატივები?

ასულა კორდი, როგორც ქუდი რუსთაველისა,
მე შევაჩვიე კიდეც თვალი აქაურობას,
მატარებელში თვალს რომ ხუჭავ, გრძნობა ველისა,
ასე გგონია, თითქო ისმენ ზღვის ხმაურობას.

***

„სადაც ტყვიების ისმოდა დარდი
და მწუხარება რეკავდა ჩუმი –
საქართველოს გაჩნდა შტანდარტი:
მოდის ტფილისი, მოდის ბათუმი.
უცებ მიწისძვრით დაქანდა გორი
თამარის წმინდა ცრემლით სოველი
და სიმაღლეთა ქორივით შორი
მტკვარში ჩაეშვა სვეტიცხოველი.
მიდის გვარდია, ჯარი… კვლავ ომი!
ცვალებადია დღეთა ტრიალი,
კართან დარაჯად გაყინდა ლომი
კავკასიონი და დარიალი
აქ კი, სარკეზე, როდესაც ძილით
გაფითრებული იყო ყოველი –
ცურავდა ღამის მთვარეულ ლილით
დამუქებული სვეტიცხოველი.
წინა-აზია, შემდეგ ევროპა
გზაჯვარედინთა იყო რკალები
შავ ზღვაზე ნავთა დაუდევრობა
ფრთები, ტალღები და გრიგალები
აქ კი, ბრწინვალე და ანთებული
სასანთლეების წყალზე მთოველი
ზვირთებზე ოდნავ დალანდებული
ეშურებოდა სვეტიცხოველი
სხვა დავაფუძნეთ ნაპირად ფაზი
იქ ნავსადგური იყო ნაგები;
იქ ერთდებოდა რკინისგზის ხაზი
და დაქსელილი ლიანდაგები
აქ კი, მოსილნი იდგნენ მამანი
ნათლით ელავდა მათი ქსოვილი
ყვაოდა ლურჯი იასამანი
შემობურული სვეტიცხოველი.
დავტვირთეთ გზები სპილენძით, ვერცხლით
ახალ პაროლებს გაყვა მხლებლები
და თავრიზამდე მიმავალთ ცეცხლით
ჰქროდნენ კივილით მატარებლები
და აქ კი, ქართლზე ვედრებდა ჯვარი
იმათი დახსნის ლოცვით მთხოველი
და ლიტურგიებს ისმენდა მტკვარი
და გუგუნებდა სვეტიცხოველი“…

 

გიორგი ლეონიძე  – სვეტიცხოველი 

ალვის შტო იყავ, სარო, ლამაზი,
მოგკვეთეს თურმე, ზეცას წახველი…
სადა ხარ, მტკვარზე მოჭრილო ხეო.
ნუ თუ არ წაგყვა მიწის ნაღველი?
ჩამო, აჰყვავდი… ბრწყინავს მაისი,
ყველა ხეების გამომჩარხველი…

 

დავით შემოქმედელი:

როგორ ვიდგე, როგორ ვწერო,
როგორ ვხატო, როგორ ვრანდო.
სვეტიცხოვლის თორმეტ სვეტთან
მეცამეტე როგორ ჩავრგო.