გიორგი ლობჟანიძე: “ვითხოვ საჯარო ბოდიშს!”

გიორგი ლობჟანიძე: "ვითხოვ საჯარო ბოდიშს!"პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე საჯარო ბოდიშს ითხოვს ქურდობისა და ასევე ცილისწამებისათვის.

საქმე ეხება ეჰსან ფარსას ლექსის “სადავო” თარგმანს გიორგი ლობჟანიძესა და გიორგი ხულორდავას შორის:

“ბოლოა და მე ვამთავრებ ამ თემაზე ლაპარაკს. ვითხოვ საჯარო ბოდიშს ქურდობისა და ასევე ცილისწამებისათვის. ეჰსან ფარსას ამ “სადავო” ლექსის თარგმანის პირველი ვარიანტი გამომიქვეყნებია ჯერ კიდევ 2014 წელს და ღიად მიდევს ჩემს ფეისბუქ გვერდზე.

გიორგი ლობჟანიძე: "ვითხოვ საჯარო ბოდიშს!"

2017 წელს ხულორდავა აქვეყნებს ამ ლექსის თარგმანის პირველ ვარიანტს, 2017 წელს მე მაქვს ჩასწორებული ეს ლექსი და 2018 წელს ჩემი თარგმანი გაზიარებული აქვს გვერდს “აველუმი”. ხულორდავა მიჰყვება ამ ედითების ისტორიას და აქვეყნებს ასევე ჩასწორებულ ვარიანტს. ხულორდავა თავის გვერდზე დაბეჯითებით ირწმუნებოდა, რომ მისი თარგმანი ლობჟანიძის თარგმანზე ადრე იყო შესრულებული. ადრეულობის საკითხი მგონი უკვე ნათელია.

ახლა რაც შეეხება ვარიანტებს, მე იმათ გასაგონად ვერაფერს ვიტყვი, ვინც ამტკიცებს, რომ ხულორდავა ქურდობას არ იკადრებდა. კარგია, რომ ასეთი აზრი არსებობს მასზე, მაგრამ თვითონ რატომღაც ირიბად და ცოტა გაუბედავად მიანიშნებდა, რომ ეგებ სწორედ ლობჟანიძემ მოიპარა მისი თარგმანი? ამბობდა: რომ მე, ლობჟანიძისგან განსხვავებით, ქურდობის დაბრალებას ვერ ვიკადრებო, მაგრამ ისე ალაგებდა მსჯელობას, რომ ასეთი დასკვნა სხვებს გამოეტანათ.

თუ ნებისმიერი მკითხველისთვის არა, სპეციალისტებისათვის ნათელი უნდა იყოს, საიდან რა წამოვიდა და რა როგორ ამოიზარდა. საკითხმა პრინციპული მნიშვნელობა მას შემდეგ უფრო შეიძინა, რაც ხულორდავამ ძარცვა არ მაკმარა და “გაუპატიურებაც” მომინდომა.

ძალიან ზრდილობიანად შევახსენებ: ამის შემდეგ სანამ რამის ჭამას დააპირებს, ჯერ დაფიქრდეს, გადაყლაპავს თუ არა! ერთგან ეწერა: თუ ლობჟანიძეს ეს ლექსი 2017 წლამდე ჰქონდა თარგმნილი, რატომ არ შეიტანა 2017 წელს გამოცემულ თავის დიდტანიან კრებულში ” სპარსული პოეზია XX-XXI სს”-ო. იმიტომ, რომ თუნდაც ასეთი მშვენიერი ნიმუშიც კი, ჩემთვის კარგა ხნის მერე არის გარკვეული ბალასტი, საარქივო მასალა, რომელსაც კრებულში შეიძლება არ მივუჩინო ადგილი, მაგრამ არქივში – ნამდვილად შევინახავ. შემიძლია, საერთოდ ვაჩუქო კიდევაც ვინმეს, თუ ჩავთვლი, რომ ის ამას იმსახურებს. მაგრამ ვერაგს, ცბიერს და ინტრიგებში გაწაფულ კოლეგას (ასაკის მიუხედავად!) ძირისძირობამდე ჩავყვები და ორგანიზებული ბოროტების დამკვიდრებას – აჟიტირებული მიმდევრების ყიჟინის ფონზე – არაფრით დავანებებ.

სიმართლე ეს არის. დანარჩენი ლირიკაა. სხვათა შორის, ზოგი, ვინც ახლა ამტკიცებდა, რომ ხულორდავა არაფერს მოიპარავს, 2014 წელს ჩემი პირველი პოსტის დამლაიქებელთა შორისაა.”