25 ოქტომბერი, 2020

ავთო ვარაზი – კოლაჟის ტექნიკის დიდოსტატი

მხატვარი ავთო ვარაზი პირველი ხელოვანი აღმოჩნდა ქართულ მხატვრობაში, ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა და ეს მიმართულება უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა.

როგორც ფერმწერი ავთო ვარაზი ნატურმორტებსა და პორტრეტებს ქმნიდა. მისი ნამუშევრები მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ავთო ვარაზის შემოქმედება დაცულია მსოფლიოს არაერთ ცნობილ მუზეუმში.

ხელოვანის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ნამუშევარმა “ხარის თავი” ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაიდო ბინა. ამ ნამუშევრის შექმნას თავისი ორიგინალური ისტორია აქვს: მხატვარი სახლში გვიან ღამით დაბრუნდა. ბახუსმოკიდებულმა ხელოვანმა შარვალი პირდაპირ იატაკზე დააგდო და დაიძინა. დილით, გაღვიძებულმა კი აღმოაჩინა, რომ იატაკზე დაგდებული შარვლიდან, არც მეტი, არც ნაკლები, ხარი უმზერდა. ავთო ვარაზმა კუთვნილი შარვალი მაშინვე ხელოვნების ნიმუშად აქცია – იატაკზე დაგდებულ შარვალს ფორმა რომ არ შეეცვალა, სპეციალური ხსნარით დაამუშავა, გაამაგრა და ფიცარზე გადაიტანა.

ნამუშევრების შექმნას მხატვარი ყველაზე საინტერესო და იდუმალ პროცესს უწოდებდა:

“როცა ტილოს უჯდება, თავად არ იცის მხატვარმა რა გამოვა მისი ნამუშევრისგან, რადგან მხატვარი მხოლოდ მუშაობის დროს ცხოვრობს. მთავარია, ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს.

მართალია, ნახატის ბოლო ლურსმანია, რომელზედაც იგი უნდა ეკიდოს მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია.“

ავთო ვარაზი რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ მიიწვია ფილმში “ფიროსმანი”. მხატვარმა ფილმში მთავარი როლი ითამაშა და მაყურებლისთვის ნიკო ფიროსმანი გააცოცხლა. გიორგი შენგელაიას ფილმი ავთო ვარაზმა მხატვრულადაც თავად გააფორმა.