6 სექტემბერი, 2020

ვახტანგ ნინუა – სახასიათო როლების დიდოსტატი

თეატრისა და კინოს მსახიობი ვახტანგ ნინუა სახასიათო როლების დიდოსტატად არის მიჩნეული.

მისი მრავალი როლებიდან საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ნიკოლოზი ფილმიდან “უდიპლოსმო სასიძო” ან თავადი ავთანდილი ფილმიდან “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”, რომ მის პროფესიონალიზმში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით.

მსახიობის შვილი მანანა ნინუა მამისადმი მიძღვნილ მოგონებაში წერს:

„ბატონმა მიხეილ ჭიაურელმა კინოფილმის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ” გადაღება როცა გადაწყვიტა, სინჯები გამოაცხადა. ბევრი მსახიობი გაისინჯა, მათ შორის, ვახტანგიც. მამა ძალიან განიცდიდა, დაამტკიცებდნენ, თუ არა. ეს ფილმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის, იმიტომ რომ ასეთ დიდ კორიფეებთან – მიხეილ ჭიაურელთან, აკაკი ხორავასთან, ვერიკო ანჯაფარიძესთან, ვასო გოძიაშვილთან, მიხეილ მარტინსონთან, არჩილ გომიაშვილთან ერთად მანამდე არასოდეს უმუშავია.

ფილმზე რომ დაამტკიცეს, გადაღებებსა და მუშაობაში თავგანწირვით გადაეშვა. მამა ყოველთვის თვითონ ახმოვანებდა თავის როლებს, მაგრამ ამ ფილმში, ბატონი მიხეილის მოთხოვნით, ედიშერ მაღალაშვილმა გაახმოვანა, რადგან თავად ავთანდილის პიროვნებას ეს მედიდური ხმა უფრო უხდებოდა.

ფილმის გამოსვლა ეკრანებზე და მისი დიდი წარმატება ჩვენთან სახლში აღინიშნა…”