22 სექტემბერი, 2020

თინათინ ვარდანაშვილი – გოგონა საოცარი ბედისწერით

თინათინ ვარდანაშვილი მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ არასდროს უფიქრია, რომ გადასაღებ მოედანზე პირდაპირ სკოლის მერხიდან მოხვდებოდა.

რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ 16 წლის გოგონა თავის ფილმში “როცა აყვავდა ნუში” გადაიღო და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა:

“ნუშის ყვავილობა ყველაზე ბედნიერი დრო აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში” – ამბობდა ულამაზესი მსახიობი:

“ისეთ ასაკში ვიყავი, როცა ყველა ოცნებობს კინოში გადაღებაზე. სხვადასხვა ფილმებისთვის სკოლებში ეძებდნენ ახალგაზრდებს. მათ შორის აღმოვჩნდი მეც. დამიბარეს სინჯებზე და დამამტკიცეს ხათუნას როლზე ლანა ღოღობერიძის ფილმში “როცა აყვავდა ნუში”.

კი გამიხარდა, მაგრამ მაინც ძალიან მეშინოდა. კამერა რომ ჩაირთვებოდა, გული გამალებით მიცემდა, მეგონა, ისე ვერ გავაკეთებდი, როგორც საჭირო იყო. ვაღიარებ, რთულია მსახიობობა, თან პატარა და გამოუცდელი გოგონასთვის.

ეს ფილმი ორ რეალურ ამბავზე გადაიღეს, რომელიც თბილისში მოხდა. პირველი შეჯიბრების ამბავი იყო – ვიღაცამ მართლა სხვის მაგივრად აიღო პირველი ადგილი, მეორე კი – ავარიის ამბავი.

ფილმში სულ ახალგაზრდები ვმონაწილეობდით და გადაღებების ყველა დღე განსაკუთრებული იყო. აი, ბიჭვინთის გადაღებები კი მართლაც დაუვიწყარია. პირველად წავედი სხვაგან ოჯახის წევრების გარეშე. მაქსიმალურად ვერთობოდით, ვცეკვავდით, ვმღეროდით, საინტერესო ამბებს ვყვებოდით, ღამეებს ვათენებდით. ბიჭვინთაში გადაღებებზე სულ ბიჭები იყვნენ, მარტო მე და ეკა მაღალაშვილი ვიყავით გოგონები. ზურა ყიფშიძეს, გოგა ფიფიას, დიმა ვანიშვილს, მიშა აბრამიშვილს, თითქმის ყველას ვიცნობდი: ზოგი ჩემს სკოლაში სწავლობდა, ზოგთან საერთოდ მეგობარი მყავდა… ძალიან კარგი პერიოდი იყო.

ერთხელ ლანა ღოღობერიძის მეუღლემ, ლადო მესხიშვილმა რესტორანში წაგვიყვანა. იქ აფხაზებიც იყვნენ, არ ვიცი რა უნდოდათ, მაგრამ რაღაცაზე ახმაურდნენ, არც ჩვენმა ბიჭებმა დაუთმეს, სიტუაცია ნამდვილად დაიძაბა, თუმცა ლადომ ყველა დაამშვიდა. ძალიან გვიხაროდა მისი ჩამოსვლა, საოცარი ადამიანი იყო.”

ლანა ღოღობერიძის შემდეგ, თინათინ ვარდანაშვილი რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა ნელის როლზე მიიწვია ფილმში “ჩარი რამა”, სადაც ერთადერთი ახალგაზრდა მსახიობი აღმოჩნდა დუდუხანა წეროძის, ელენე ყიფშიძის, გოგი ქავთარაძის, კოტე დაუშვილის, ბადრი ბეგალიშვილის, გოგი გეგეჭკორის, ვახტანგ ნინუას, გრიგოლ წიტაიშვილის გარემოცვაში:

“ერთადერთი ახალგაზრდა მე ვიყავი, “ჩემი შეყვარებული” გოგი ქავთარაძეც დიდი იყო ჩემზე, დანარჩენები კი სულ ასაკოვნები იყვნენ. თავიდან დუდუხანა წეროძესთან ერთად ვცხოვრობდი, ძალიან კარგი ქალი იყო, მაგრამ არც თუ ისე მხიარული. როდესაც საცხოვრებად ლენა ყიფშიძესთან გადავედი, ძალიან გავხალისდი. მასთან დიდხანს ვმეგობრობდი.”

ფილმებს “როცა აყვავდა ნუში” და “ჩარი რამა” მოჰყვა რეზო ჩხეიძის ფილმები “რაიკომის მდივანი” და “დონ კიხოტი” და ულამაზესი გოგონას სამსახიობო კარიერაც დასრულდა.

თინათინ ვარდანაშვილი 20 წლის ასაკში მხატვარ მერაბ ქობულაძეზე გათხოვდა, რომელიც ცნობილი მხატვრის სერგო ქობულაძის შვილი იყო. წყვილს ორი გოგონა – სალომე და ლიზა შეეძინა. სამწუხაროდ, მათმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა – 16 წლის სალომე ავტოკატასტროფაში დაიღუპა და თინათინის ცხოვრებაში ურთულესი ეტაპი დაიწყო: დეპრესიამ რამდენიმე წელს გასტანა – მსახიობს არავინ და არაფერი არ აინტერესებდა, მთელ დღეებს საწოლში ატარებდა და ამქვეყნიურ ცხოვრებას მოწყვეტილი იყო.

ლიზას გათხოვებამ და შვილიშვილებმა გაუსაძლისი ტკივილი თითქოს ოდნავ შეუმსუბუქეს და სიცოცხლისკენ შემოაბრუნეს. თუმცა მსახიობს კიდევ ერთი უდიდესი განსაცდელი ელოდა – მეუღლის გარდაცვალებამ ტკივილი კვლავ განუახლა და ერთი წლის შემდეგ 64 წლის ასაკში თინათინ ვარდანაშვილი გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მსახიობი არასდროს ყოფილა, ულამაზესი გოგონა ათასობით მაყურებელმა შეიყვარა და სამუდამოდ დაიმახსოვრა.