22 სექტემბერი, 2020

სასიკვდილო ლექსი გიზო ნიშნიანიძისთვის

მწერლისა და პოეტის გიზო ნიშნიანიძის შემოქმედებაში არსებობს ლექსი, რომელიც მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა – საჩხერეში სტუმრობისას შემოქმედი საკუთარი ლექსის თქმის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა.

როგორც თავად იხსენებდა, სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში და როცა ეგონა, სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა, ღმერთს ცოდვების მიტევებას სთხოვდა:

“თბილისის ომის დროს, ტყვია რომ მომხვდა, სასწრაფოდ საავადმყოფოში მიმიყვანეს. მესმოდა, ექიმები როგორ ლაპარაკობდნენ, დალაპარაკება მეც მინდოდა, მაგრამ ხმა არ მემორჩილებოდა, ვერც ხელს ვანძრევდი, თუმცა ყველაფერს ვგრძნობდი, ხან სიამის განცდა მქონდა, ხან – ტანჯვის, რომ იტყვიან, საიქიოს კარიბჭესთან ვიყავი…

ბევრი რაღაც მაქვს წაკითხული კლინიკური სიკვდილის შესახებ და მდგომარეობიდან რომ გამოვედი, ჩემი განცდები იმ ყველაფერს მივამსგავსე. მახსოვს, თითქოს ვიღაცეები მეფერებოდნენ, მამხნევებდნენ, მაგრამ ექიმები რომ ცდილობდნენ ჩემს გადარჩენას, იმასაც ვგრძნობდი. ძალიან მინდოდა მეთქვა, თავი დამანებეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი…

მხოლოდ ერთს ვთხოვ უფალს – ადამიანური სისუსტეები მომიტოვოს და მონანიების ძალა მომცეს…“